1732216283
„დიდძალ ქონებას ბებია შვილიშვილს მემკვიდრეობით არ უტოვებდა, მან კი ამ გზით სცადა ხელში ჩაგდება“ - რატომ დაგეგმა უნივერსიტეტის რექტორის მკვლელობა შვილიშვილმა?
დღეს პოლიციამ თბილისში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 25 წლის ახალგაზრდა ბებიის მკვლელობის დაკვეთის გამო დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ანგარების მოტივით განიზრახა საკუთარი ბებიის - 1951 წელს დაბადებული ვ.ს.-ის შეკვეთით მკვლელობა. მას ამ მიზნით დაქირავებული მკვლელისთვის უნდა გადაეხადა 150 000 აშშ დოლარი. ა.ს.-მ პირს, რომელსაც უნდა შეესრულებინა მისი ბებიის მკვლელობა, დაუსახელა მსხვერპლის სახელი ასაკი, საცხოვრებელი მისამართი და ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით გაუგზავნა ბებიის ფოტოსურათი.
ბრალდებულმა დანაშაულის მომზადებისთვის წინასწარ გადასცა გარკვეული თანხა, ხოლო შეკვეთის შესრულების შემდგომ დაჰპირდა დარჩენილი თანხის გადახდას. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების, ასევე, ფარული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ა.ს. დააკავა. ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
არსებული ინფორმაციით, თანხა, რომელიც შვილიშვილმა მდიდარი ბებიის მოსაკლავად დაქირავებულ ქილერს გადაუხადა, სავარაუდოდ, ბებიასვე გამოართვა. 70 ათასი ლარი 26 წლის კაცმა ოჯახის წევრს რამდენიმე დღის წინ სთხოვა.
მიზეზი, რის გამოც კრიმინალური პოლიციის ყოფილმა თანამშორმელმა ოჯახის წევრი მოსაკლავად გაიმეტა დიდძალი ქონებაა. სავარაუდოდ, გამზრდელი ბებიის განეიტრალების შემდეგ, ახალგაზრდა კაცი იმ უნივერსიტეტის მისაკუთრებას ეცდებოდა, რომელიც 72 წლის ქალის საკუთრებაშია.