დღეს მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ეპიზოდზე საქმის არსებითი განხილვა უნდა შედგეს

სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ეპიზოდზე დღეს საქმის არსებითი განხილვა უნდა შედგეს საქალაქო სასამართლოში. ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ პროცესი გადაიდება და ამის მიზეზად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

სააკაშვილის ადვოკატის მტკიცებით, ბრალდება პოლიტიკური მიზნით არის მოტივირებული და მას სამართალის დარღვევასთან კავშირი არ აქვს.

"გვაქვს მოლოდინი, რომ დღევანდელი სასამართლო პროცესის ჩატარება ვერ მოხერხდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ ამ პროცესზე რაიმე ტიპის შუამდგომლობის განხილვის საშუალება მოგვეცემა.

საქმეში არის ძალიან ბევრი მტკიცებულება, მათ შორის დაცვის მხარის მიერ წარდგენილი პოზიციები, რომელთა თანახმადაც დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის დანაშაულში დამნაშავე არ არის და რომ ეს ბრალდება არის მოტივირებული პოლიტიკური მიზნით," - განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.