დაკავებულია ოზურგეთის მერიის ყოფილი თანამშრომელი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულია ოზურგეთის მერიის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

„სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის ყოფილი უფროსი ი.ლ. და ერთი მოქალაქე ბ.გ. დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ოზურგეთის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა, მოქალაქის დახმარებით წვევამდელისათვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის არაოფიციალურად გადავადების სანაცვლოდ ქრთამის სახით აიღო 1 500 ლარი.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.

ოზურგეთის მერიის დაკავებული ყოფილი თანამშრომელი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან,"- ნათქვამია განცხადებაში.