დაკავებულია კაცი, რომელმაც მეზობელი დაჭრა

policiis lenti

პოლიციამ კახეთში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი, - ამის შესახებ ინფრმაციას შსს ავრცელებს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
 
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზემო ქედში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს - 1962 წელს დაბადებულ თ.მ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. პოლიციამ დ.კ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.