დააკავეს სასტუმროს ადმინისტრატორი, რომელიც ნომრებს პროსტიტუციისთვის იყენებდა - მასთან ერთად კიდევ 3 ადამიანია დაკავებული

პროსტიტუცია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისათვის ფართის გადაცემისთვის 4 პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული სასტუმროს ადმინისტრატორად მუშაობდა და ნომრებს ქალებს პროსტიტუციისთვის გადასცემდა, ანაზღაურებიდან კი თანხას მასაც უხდიდნენ. 

„1961 წელს დაბადებულ მ.წ.-ს, 1962 წელს დაბადებულ მ.ნ.-ს და 1964 წელს დაბადებულ ი.ხ.-ს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის არაერთგზის ხელშეწყობაში ედებათ ბრალი, ხოლო 1984 წელს დაბადებული ა.მ. პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემაშია ბრალდებული.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.ნ., მ.წ. და ი.ხ., გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სისტემატურად ხელს უწყობდნენ პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს და უზრუნველყოფდნენ მათ ტრანსპორტით გადაადგილებას სექსუალური მომსახურების მიღების მსურველ კლიენტებთან.

რაც შეეხება მეოთხე ბრალდებულს - ა.მ.-ს, გამოძიებით დადგინდა, რომ იგი თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობდა და აღნიშნული სასტუმროს ნომრებს პროსტიტუციისთვის გადასცემდა, რისთვისაც პროსტიტუციაში ჩაბმული ქალები მას სექსუალური მომსახურების გაწევით მიღებული ანაზღაურებიდან გარკვეულ თანხას უხდიდნენ. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით“,- ნათქვამია განცხადებაში. 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.