ბრალდებულმა 20 კილოგრამი „მარიხუანა“ ბანგკოკიდან თვითმფრინავით ჩამოიტანა თბილისის აეროპორტში...“ - შსს-მ უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შსს ღამით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, მალაიზიის ფედერაციის მოქალაქე 1977 წელს დაბადებული მ.ტ. დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

„დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, მის სამგზავრო ჩანთაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 20 კილოგრამი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ტ.-მ აღნიშნული ნარკოტიკი ბანგკოკიდან თვითმფრინავით ჩამოიტანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.