„ბავშვმა შეგვატყობინა მკვლელობის ამბავი... ოთხი შვილის მამა იყო...“ - რას ამბობენ მეზობლები ოზურგეთში მომხდარ დანაშაულზე

მკვლელობა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაში მკვლელობა წუხელ ღამით მოხდა.

82 წლის მამამ 48 წლის შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. როგორც მეზობლები ამბობენ, ბრალდებულს ფსიქიკური ხასიათის პრობლემები ჰქონდა და შესაბამის დაწესებულებაშიც მკურნალობდა.

მათივე თქმით, მომხდარის შესახებ მეზობლებს მოკლულის მცირეწლოვანმა შვილმა შეატყობინა, რომელიც სავარაუდოდ მომხდარს შეესწრო. ადგილზე გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება, თუმცა დაჭრილის გადარჩენა ვერ მოხერხდა, ის ადგილზევე დაიღუპა.

„გასროლის ხმა არ გაგვიგია, ბავშვი მოვიდა და ამბავი შეგვატყობინა. შიგნით ვერ შევედით, რადგან კაცმა თუ თავისი შვილი მოკლა, ჩვენ რაღას გვიზამდა. სასწრაფო და პოლიცია გამოვიძახეთ, მაგრამ ექიმებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ოთხი შვილის მამა იყო, ბათუმში ცხოვრობდნენ და ეს პერიოდი თხილის მოსაკრეფად იყო ჩამოსულ საკუთარ სახლში. რა მოხდა არ ვიცით, უკონფლიქტო ოჯახი იყო, თუმცა ვიცოდით, რომ ადრე მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა“, – ამბობენ მეზობლები.

სამართალდაცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

მომხდარზე საქმე აღძრულია 11 პრიმა 109-ე და 236 -ე მუხლებით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

გურიაში, სტიქიის ზონაში ვერტმფრენის საჭიროება თუ დადგება, მზადყოფნაში ვართ - თემურ მღებრიშვილი

VIDEO: „გააოცა მსოფლიო“ - ნუცა ბუზალაძემ ლოს ანჯელესში დოჯერსის თამაშზე ეროვნული ჰიმნი იმღერა

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა დაწყებულია - სუფსის მაჟორიტარი დეპუტატი