პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გალის მკვიდრის მოკლული ნათია ბახტაძის დედა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას, დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრს რობერტ კუიტას და ე.წ. ომბუდსმენს ანას ქიშმარიას წერილით მიმართავს.
ნატია ბახტაძის მკვლელობაში ბრალდებული აინარ წვიჟბა დაკავებულია. მან მკვლელობა აღიარა და განაცხადა, რომ ქალის ცხედარი ვარდნილჰეს 3-თან მდინარე ენგურში გადააგდო, თუმცა მოკლული 28 წლის ქალის ცხედრის ძებნა უშედეგო აღმოჩნდა.
„თვეზე მეტი გავიდა ჩემი ქალიშვილის მკვლელობიდან და ნათიას ცხედარი ამ დრომდე არაა ნაპოვნი, არ მჯერა რომ ჩემი ქალიშვილის ცხედარი იქაა სადაც ეძებენ, მკვლელის ნათესავებმა ყველაფერი იციან, დარმუნებული ვარ. ისინი დაეხმარნენ ცხედრის თავიდან მოშორებაში, გთხოვთ დააკაოთ და გამოკითხოთ აინარ წვიჟბას ნათესავები, მან ხომ აღიარა, რომ მამას დაურეკა და აცნობა რომ მკველობა ჩაიდინა.
აფექტის მდგომარეობაში ცხედრის გადამალვას ვერ შეძლებდა - ნათესავები დაეხმარნენ დანაშაულის დაფარვაში, მათ ცხედრის გადამავლა გადაწყვიტეს და სადღაც ტყეში დამარხეს, იმ იმედით რომ დანაშაულს თავს დააღწევდნენ, გთხოვთ, იპოვოთ ჩემი ქალიშვილის ცხედარი“, -წერს იამზე აგუმავა.
ცნობისთვის, ნათია ბახტაძის გაუჩინარების შესახებ 31 ივლის, ბახტაძის დედის, იამზე აგუმავას ფეისბუკის პოსტიდან გახდა ცნობილი. ქალი წერდა, რომ ნათია 28 ივლისს გაუჩინარდა და ერთადერთი შვილის მოსაძებნად დახმარებას სთხოვდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას, ადგილობრივ სახალხო დამცველ ანას ქიშმარიას, გალის დეპუტატ თემურ შერგელიას და აფხაზეთის მოსახლეობას.
ახალგაზრდა ქალი დედასთან ერთად გალის ცენტრალურ ნაწილში ცხოვრობდა. გალშივე დაამთავრა მეორე საშუალო სკოლა, რომლის შემდეგ სოხუმში, აფხაზეთის უნივერსიტეტში ჩააბარა. რამდენიმე წელია ნათია გალთან ახლოს შაშიკვარას საშუალო სკოლაში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.
წვიჟბას მამა წლების განმავლობაში გალის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. ოჯახს აქვს ბიზნესი - რამდენიმე კომერციული ობიექტი გალში, რომლის მართვაშიც ოჯახს აინურ წვიჟბაც ეხმარებოდა.
ბახტაძე და წვიჟბა ერთმანეთს იცნობდნენ. გამოძიება მკვლელობის მოტივზე ჯერჯერობით არ საუბრობს. გალის რაიონის სახალხო კრების წევრი თემურ შერგელია, რომელიც იცნობს როგორც ბახტაძის, ასევე წვიჟბას ოჯახებს, ვარაუდობს, რომ დანაშაულის მიზეზი შესაძლოა ეჭვიანობა გამხდარიყო:
"გამოძიებამ, ალბათ, მეტი იცის... ისინი შერიგდებოდნენ, მერე ისევ ჩხუბობდნენ. მათ რომ მუდმივად ჰქონდათ კონფლიქტი, დედამისმაც დაადასტურა", - უთხრა შერგელიამ "ეხო კავკაზას". იმავეს უდასტურებს "თავისუფლებას" გალის რამდენიმე მცხოვრები.