არუნ ხათრი ასახელებს ხილს, რომელიც კიბოს უჯრედებს ამარცხებს
1761337845
საქალაქო სასამართლოში, 14 საათზე უვადო პატიმრობის განაჩენი გამოაცხადეს. სამუდამო თავისუფლების აღკვეთა, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელს, გელა უძილაურს მიესაჯა.
განაჩენით დადასტურდა, რომ 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე, გელა უძილაურმა, ლევან ჯანგველაძე ანგარებით და შეკვეთით მოკლა, უძილაურს, ბიზნესმენის თანმხლები პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალიც დაუმტკიცდა.
განაჩენის მოსმენამდე, უძილაურმა სიტყვის უფლება ითხოვა. პოზიცია არ შეუცვლია ლევან ჯანგველაძის მკვლელობა დღესაც აღიარა, თუმცა ირწმუნებოდა, რომ დანაშაული ანგარებით და დაკვეთით არ ჩაუდენია. მეტიც, თქვა რომ ბიზნესმენს გასროლა დაასწრო, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად გახდებოდა მსხვერპლი.
მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. რამდენიმე წუთში კი გამამტყუნებელი განაჩენიც გამოაცხადა.
განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ისმენდნენ მოკლული ლევან ჯანგველაძის ოჯახის წევრებიც. დაზარალებული მხარე სასამართლო გადაწყვეტილებით კმაყოფილია, დარწმუნებულები არიან, რომ გამოძიება მალე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების კვალზეც გავა.
განაჩენს დაუსაბუთებლად მიიჩნევს გელა უძილაურის დაცვის მხარე. სასამართლოდან გამოსულმა ადვოკატმა თქვა, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, სააპელაციოში გაასაჩივრებს.
სწორედ მტკიცებულებების ერთობლიობამ დაადასტურა ის ფაქტი, რომ გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძე არა პირადი წყენის გამო, არამედ ანგარებით მოკლა - საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ მსჯავრდებულის ადვოკატებს უპასუხა.
რა მტკიცებულებები გამოიკვლია სასამართლომ და რა დაადგინა გამოძიებამ - დეტალები დღეს გენერალურ პროკურატურაშიც განმარტეს. განაჩენის გამოცხადებიდან 3 საათში, უწყებაში საგანგებო ბრიფინგი ჩატარდა.
პროკურორმა გიორგი მიქაიამ დეტალურად ისაუბრა როგორ დაიგეგმა, ლევან ჯანგველაძის მკვლელობა.
ირკვევა, რომ ლევან ჯანგველაძესთან ბიზნესის გამო უთანხმოება დავით და გიორგი მიქაძეებს ჰქონდათ, ბიზნესმენთან დაპირისპირებულები იყვნენ სხვა პირებიც, რომლებმაც ძმებს ჯანგველაძის ლიკვიდაციის ორგანიზება სთხოვეს. ძმები მიქაძეები დაუკავშირდნენ გიორგი ჯოხაძეს, შეთანხმდნენ, რომ დავალებას გელა უძილაური შეასრულებდა, ისინი მუდმივად აწვდიდნენ უძილაურს ინფორმაციას, თუ სად გადაადგილდებოდა მსხვერპლი.
ირკვევა, რომ ჯანგველაძის ლიკვიდაცია ჯერ კიდევ თებერვალში იყო დაგეგმილი, მაშინ როდესაც ბიზნესმენი საქართველოში ჩამოვიდა და სასტუმრო "ამბასადორში" დაბინავდა, გამოძიების ინფორმაციით ქილერმა დავალება, კონკრეტული მიზეზების გამო ვერ შეასრულა, მკვლელობის დღემდე, ლევან ჯანგველაძეს უთვალთვალებდნენ. 14 მარტს კი, ჭავჭავაძის ქუჩაზე ბიზნესმენს მაშინ ესროლეს, როდესაც მეგობრის სამძიმრიდან, თანმხლებ პირთან ერთად გამოვიდა. ჯანგველაძე ადგილზე გარდაიცვალა, მისი მძღოლი კი მძიმედ დაიჭრა.
ბიზნესმენის მკვლელობის საქმეზე სულ 6 პირია ბრალდებული, მკვლელობის შემსრულებელი კი დრეს უკვე უვადო მსჯავრდებულია. ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში მონაწილე სხვა პირების დასადგენად გამოძიება გრძელდება.