ზუგდიდში დღეს ვლაქერნობას აღნიშნავენ

ვლაქერნობა

დღესასწაული განსაკუთრებულად ზუგდიდში აღინიშნება. ღვთისმშობლის კვართი,რომელიც დადიანების ისტორიული სასახლიდან დილიდან გამოაბრძანეს, მთელი დღის განმავლობაში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში იქნება დაბრძანებული.

ღვთისმშობლის კვართთან ერთად მომლოცველებს შესაძლებლობა ექნებათ წმინდა დიდმოწამე მარინეს მკლავთან, წმინდა მოწამე კვირიკეს ხელის მტევანთან, წმინდა გიორგისა და იოანე ნათლისმცემელის ძვლის ნაწილებთან მოილოცონ.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმემ, სინოდის სხვა წევრებთან ერთად აღავლინა.
ვლაქერნობის სადღესასწაულო წირვას და მსვლელობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მისი მოადგილეები, მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

დღესასწაულს მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ესწრებიან. ღვთისმშობლის კვართი ტაძარში დღის ბოლომდე დარჩება და მომლოცველებს მასთან მოლოცვის საშუალება მთელი დღის განმავლობაში ექნებათ.