ყვარელში 25 წლის ბიჭის მკვლელობაში ეჭვმიტანილისთვის ბრალის წარდგენა ვერ ხერხდება

კლინიკა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მომხდარ მკვლელობაში მონაწილე პირისათვის ბრალის წარდგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. 

მიზეზი, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ის, თელავის რეფერალური ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

ექიმების განმარტებით, პაციენტს მძიმე ტრავმები აქვს და კვლავ სედაციურ ძილში იმყოფება. 

„პაციენტი წევს რეანიმაციაში, წუხელ მოხსნეს მართვითი სუნთქვიდან, მაგრამ იმყოფება სედაციურ ძილში. აქვს რამდენიმე ტრავმა, მათ შორის , თავის არეში. ჯერჯერობით, ძნელია რამის თქმა“, - განმარტეს რეფერალურ ჰოსპიტალში. 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სასამართლოს განჩინება მამაკაცის დაკავების თაობაზე უკვე გაცემულია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, სახელმწიფო ბრალდებას დამატებითი პროცედურების გავლა აღარ მოუწევს. 

შეგახსენებთ, მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტში, 18 ნოემბერს მოხდა. შორეულ ნათესავებს შორის სუფრასთან დაწყებული უთანხმოება, ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. 

ბასრი იარაღით მიყენებული ჭრილობებით, სოფელ ენისელში მცხოვრები , 25 წლის გიგა არჯევნიშვილი ადგილზე გარდაიცვალა. 

პირმა, რომელმაც გარდაცვლილს, სავარაუდოდ, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, მუცლის, კისრისა და თავის არეში მძიმე ტრავმები თავადაც მიიღო. 

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.