1732386875
VIDEO: სასმელად უვარგისი წყალი კახეთში - რას ამბობს ადგილობრივი ხელისუფლება
კახეთის რეგიონის ზოგიერთ სოფელში სასმელად უვარგისი წყალი მოდის. მოსახლეობა ამბობს, რომ წვიმიანი ამინდის შემდეგ, წყალი ნაგვით ივსება და სასმელად აღარ გამოიყენება.
ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირი ახმეტის, თელავის, ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებშია.
„წვიმა მოვა თუ არა, ონკანი სავსეა მიწით, ფოთლებით, კენჭებით. სასმელად ამას როგორ გამოიყენებ. სათავე ნაგებობებს სჭირდება ალბათ მოწესრიგება, რომ ავდრიანი ამინდის დროს არ გადაივსოს და არ დაბინძურდეს. ეს რომ ბავშვს დავალევინოთ, შეიძლება რამე დაავადებაც გაუჩნდეს“ - ამბობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს მცხოვრები, აიშა ბაღაკაშვილი.
დაბინძურებული სასმელი წყლის ფოტოებს მომხმარებლები სოციალურ ქსელშიც ტვირთავენ.
სასმელად უვარგისი წყლით შევსებული ჭურჭლის ფოტო, დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მკვიდრმა, რუსუდან ჭრელაშვილმა გამოაქვეყნა.
„აი, ასეთი წყალი მოგვდის შილდაში, ვის შეიძლება მივმართოთ, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს"- წერს მომხმარებელი.
კახეთის გუბერნატორის მოადგილე, გივი მეტრეველი, „პრაიმთაიმთან“ საუბარისას ამბობს, რომ რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს და პრობლემები ორ წელიწადში უნდა მოგვარდეს.
„ჩვენ ვიცით ამ პრობლემის შესახებ. მინდა გითხრათ, რომ მუნიციპალიტეტებში ხორციელდება პროექტები, რომლებმაც მოსახლეობას ეს საკითხები უნდა გადაუჭრას. ყველაზე დიდი სამუშაო ტარდება ყვარელში, სადაც წყალთან ერთად კანალიზაცია კეთდება. წყლის ამღვრევას რაც შეეხება, წვიმის დროს წყლის შემკრებს ნაკადის გატარება უჭირს და გვაქვს ასეთი შემთხვევებიც, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეტაპობრივად, რეგიონის ყველა სოფელში წყლის მოვლა-პატრონობას გადაიბარებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რომლის შესაძლებლობები, ბევრად აღემატება მუნიციპალიტეტებში შექმნილი აიპების საშუალებებს.
როგორც კი ეს ეტაპი დასრულდება, სოფლებში პრობლემებიც გადაიჭრება. მერწმუნეთ, პროექტები დიდია და წყალმომარაგების საკითხებს, გარკვეულ დროში სრულად მოვაგვარებთ. შენდება და კეთდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ორ წელიწადში ყველაფერი გამართული უნდა იყოს", - განაცხადა მეტრეველმა.
გუბერნატორის მოადგილის განმარტებით, პროექტები კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ცენტრალური ბიუჯეტიდან და რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
თავად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კი, კახეთში, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისათვის 200 მილიონ ლარზე მეტ თანხას დახარჯავს.