სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, რომელსაც 2025 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია დააფინანსებს

ავთანდილ თალაკვაძე

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების შესახებ ისაუბრეს, რომელსაც 2025 წელს მერია დააფინანსებს.

„ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით ჩვენი მოქალაქეებისთვის შემოგვაქვს დამატებითი მექანიზმები. კერძოდ: ოზურგეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2025 წლამდე რეგისტრირებული გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებს, მედიკამენტებსა და კვლევებს დავუფინანსებთ წლის განმავლობაში 5000 ლარის ფარგლებში; 2024 წელთან შედარებით, ვზრდით ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების სამედიცინო ჩარევების თანადაფინანსებას, რაზეც დეტალურ ინფორმაციას მომართვისას ჩვენი სამსახურები მოგაწვდიან; ასევე, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პირებისათვის, 2000 ლარამდე ვზრდით ძვირადღირებული მედიკამენტების (ზომეტა და სხვა ონკოლოგიური პრეპარატები)  თანადაფინანსებას;

კიდევ ერთი სიახლე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (I ჯგუფი, მხოლოდ მხედველობით შშმ პირები18 წლის ზემოთ), უფლება ექნებათ ისარგებლონ წლის განმავლობაში ერთჯერადი ფულადი დახმარებით 250 ლარის ოდენობით; ხოლო, 0-18 წლამდე ასაკის, სმენისა და მხედველობის არმქონე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს უფლება ექნებათ ისარგებლონ ფულადი დახმარებით, წელიწადში ჯამურად 1000 ლარის ოდენობით.

ასევე, მიმდინარე წელს მოქმედ პროგრამულ მუხლებს დაემატა ახალი პროგრამა, რაც ითვალისწინებს 18 წლის და მეტი ასაკის შშმ პირთა, პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფას,“- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.