1692302192
რუსთავის ცენტრალურ პარკში, მწვანე საფარი და ხე-მცენარეები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით დაამუშავეს

რუსთავში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო და რუსთავის მერია ხე-მცენარეების დაავადებებისგან დასაცავ და მწერების საწინააღმდეგო ერთობლივ პრევენციულ ღონისძიებას ატარებენ. ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
რუსთავის ცენტრალურ პარკში მწვანე საფარისა და ხე-მცენარეების დამუშავება სპეციალური ტექნიკის გამოყენებით დილის 5 საათიდან დაიწყო.
"საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ხე-მცენარეების დაავადებების თავიდან ასაცილებლად და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მწერების გავრცელების საწინააღმდეგოდ, დღეს შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები დავიწყეთ.
სამუშაოები ქალაქის ცენტრალურ პარკში დილის 5 საათიდან მიმდინარეობს. პარკის ტერიტორია რუსთაველების შეკრების ერთ-ერთ მასშტაბურ ადგილს წარმოადგენს.
მსგავსი პრევენციული ღონისძიებების საჭიროებისამებრ ქალაქის სხვა ადგილებშიც გატარდება,“ - განაცხადა რუსთავის მერის მოადგილე სიკტო გონიძემ.
ცენტრალური პარკის ტერიტორიის დამუშავების პროცესში რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის და „რუსთავ სერვის ცენტრის“ თანამშრომლებიც იყვნენ ჩართული.
"საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი პრევენციულ ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული. ხე-მცენარეებისა და გარემოს დამუშავება ხდება კოღოების და მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით. ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად და უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად.
დეზინსექცია ხდება იმ ტერიტორიების, განსაკუთრებით კი წყალსატევების, სადაც მწერების და კოღოების გავრცელების მაღალი ალბათობაა", - განაცხადა რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორის მოადგილე ქეთევან რაზმაძემ.
რუსთავის ცენტრალური პარკის მსგავსად, ქალაქის სხვა უბნები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიც დამუშავდება.
პირველ რიგში კი პრევენციული სამუშაოები განხორციელდება ქალაქის ცენტრალურ პარკში, სადაც რამდენიმე დღეში მუსიკალური ფესტივალი "ოქსიგენი" ჩატარდება.