ჩვენს მოქალაქეებს სხვადასხვა სფეროში პრობლემას უქმნის, რომ მათთან კონკურენციაში შედიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ბაზარზე უნდა იყოს სექტორები, სადაც გათავისუფლდებიან მსგავსი კონკურენციისგან - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა შრომითი საკითხების რეგულირებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ბაზარზე უნდა იყოს ისეთი სფეროები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს კონკურენციას უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ უნდა უწევდნენ.

„ჩვენს მოქალაქეებს, სხვადასხვა სფეროში, პრობლემას უქმნის ის, რომ მათთან კონკურენციაში შედიან ადამიანები, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები. ნებისმიერ სახელმწიფოში მკაცრადაა მოწესრიგებული შრომის ნებართვის საკითხები და ჩვენთანაც ასე უნდა იყოს. აქამდე არ იყო არსებითი რეგულაციები, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება ამ სიახლის დანერგვის თაობაზე. მკაფიოდ უნდა განისაზღვროს სექტორები, სადაც შესაძლებელი იქნება კონკურენცია დავუშვათ, მაგრამ უნდა იყოს ბაზარზე ისეთი სექტორები, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები კონკურენციისგან უნდა იყვნენ თავისუფლები. ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, ჩვენი მოქალაქეების ინტერესი, ნებისმიერი სახელმწიფო მოქმედებს ამ მიდგომით.

არის სფეროები, სადაც ძალიან უჭირს ბიზნესს ადგილზე მუშახელის შოვნა და ამისათვის არის პრაქტიკა ბევრ სექტორში, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყავთ მუშახელი. ეს პრაქტიკაც უნდა იყოს დაშვებული, სადაც არის შესაბამისი დეფიციტი, ბუნებრივია, ეკონომიკასა და ბიზნესს ვერ გავაჩერებთ, მაგრამ სადაც ჩვენს თანამოქალაქეებს აქვთ ინტერესი, რომ შესაბამის სფეროში თავად დასაქმდნენ, იქ კონკურენცია შეგვიძლია შევზღუდოთ, ეს არის საერთო მიდგომა. კანონმდებლობის შემდგომ დახვეწაზე ერთად ვიმუშავებთ“, – განაცხადა კობახიძემ.