1734813647
ოზურგეთში საერთაშორისო სტანდარტის ახალი საჩოგბურთო ცენტრი გაიხსნა
ოზურგეთში საერთაშორისო სტანდარტის ახალი საჩოგბურთო ცენტრი გაიხსნა, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით და სხვადასხვა დანიშნულების სივრცეებით. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
საჩოგბურთო კომპლექსი ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ გახსნეს.
პროექტის ფარგლებში ჩოგბურთის თანამედროვე კორტები, სარეკრეაციო და სპორტულ - გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა მოეწყო და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადაადგილებისა და პარკირებისთვის.
ღონისძიებას ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე მეტრეველი, საკრებულოს წევრები, მერის მოადგილეები, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, მოწვეული სტუმრები და მოქალაქეები დაესწრნენ.
„არაერთი თაობის ოცნება იყო, რომ ოზურგეთში საერთაშორისო სტანდარტის, თანამედროვე საჩოგბურთო კომპლექსი აშენებულიყო - შევასრულეთ პირობა და დღეს, მალაზონიას ქუჩაზე, ახალი საჩოგბურთო ცენტრი გავხსენით. მოხარული ვარ, რომ სპორტის ამ სახეობაში ბევრი ადამიანი ჩაერთვება და ჩვენ, ასევე შევძლებთ მაღალი დონის ტურნირებსაც ვუმასპინძლოთ. ოზურგეთის სახელით მადლობას ვუხდი ბატონ ვანო ჩხარტიშვილს მხარდაჭერისთვის - ბიზნესმენმა საჩოგბურთო კომპლექსის ასაშენებლად თავისი საკუთრება, კორტებისთვის საჭირო ტერიტორია ჩვენს ქალაქს საჩუქრად გადასცა. მადლობა საქართველოს მთავრობას და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. მადლობა ევროკავშირს ამ პროექტის მხარდაჭერისთვის!“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.