1732386875
ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი გარდაბნის თბოსადგურ 2-ს ეწვია
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი შვილობილ კომპანია გარდაბნის თბოსადგურ 2-ს კორპორაციის დირექტორებთან და თბოსადგურის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან ერთად ეწვია.
გაცნობითი ხასიათის ვიზიტის ფარგლებში იგი თბოსადგურის თანამშრომლებს შეხვდა და მათთან გარდაბანი 2-ის მნიშვნელობასა და სახელმწიფოს ენერგოსტაბილურობის საქმეში შესრულებულ როლზე ისაუბრა.
გიორგი ჩიქოვანი 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. ხელმძღვანელებისგან მიმდინარე პროცესებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო. დეტალურად გაეცნო სამუშაოებს და საჭიროებებით დაინტერესდა.
“ისეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის მქონე თბოსადგური, საქართველოში, მხოლოდ ორია. გარდაბანი 2-ის როლი, ენერგოსექტორში, უზარმაზარია და დარწმუნებული ვარ, ასეც გაგრძელდება. ჩვენი მიზანია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის მაქსიმუმი გავაკეთოთ და ამაში თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. მჯერა, ერთმანეთის გვერდში დგომით ყველა გამოწვევასთან გამკლავება შესაძლებელია. მე და ჩემი გუნდი ნებისმიერ დროს მზად ვართ თქვენი საჭიროებებისა და პრობლემების გასაზიარებლად და გადასაჭრელად,“ - განაცხადა თბოსადგურის თანამშრომლებთან შეხვედრისას გიორგი ჩიქოვანმა.
გარდაბნის თბოსადგური 2 აღჭურვილია თანამედროვე ტიპის ,,ჯენერალ ელექტრიკის’’ გაზისა და ორთქლის ტურბინებით და გენერატორებით, ასევე, თბოელექტროსადგური სარგებლობს ე.წ. „ნულიდან გაშვების“ ფუნქციით, რაც ელექტროსისტემისგან დამოუკიდებლად სადგურის გაშვების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული უნიკალური ფუნქცია საქართველოში მხოლოდ გარდაბან 2-ს გააჩნია. თბოსადგური 2020 წლის მარტიდან ოპერირებს.