საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია 60 კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობას ასრულებს

გაზზსადენი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი, გიორგი ჩიქოვანი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების მშენებლობის დასკვნით ეტაპზე მყოფ პროცესს ადგილზე გაეცნენ.

პროექტს, რომელსაც ნავთობისა და გაზის კორპორაცია, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, საკუთარი სახსრებით ახორციელებს, სტრატეგიული დანიშნულება გააჩნია.  გაზსადენის განშტოება, ჯამში, 60 კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს - აბაშიდან ქობულეთამდე და მის მშენებლობაზე, დაახლოებით, 40 მილიონ ლარამდე გაიხარჯა. ამოქმედების შემდეგ, ობიექტი, საქართველოს ენერგოსტაბილურობის საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე გახდება. მისი მეშვეობით უზრუნველყოფილი იქნება როგორც ბუნებრივი გაზით აჭარის რეგიონის შეუფერხებელი გაზმომარაგება, ისე ახალი დასახლებების გაზიფიცირება.

ამჟამად, აჭარის რეგიონის გაზმომარაგება წარმოებს ,,ქუთაისი-სოხუმის” მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის DN500 განშტოებით, რომელიც ექსპლუატაციაში 1990 წელს შევიდა და მას შემდეგ ტექნიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მისი მდგომარეობა არ შეესაბამება მაგისტრალური გაზსადენების ტექნიკური და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების მოთხოვნებს - სისტემატურად ფიქსირდება კოროზიული დაზიანებები, გაზის გაჟონვა, წარეცხვა, მილსადენის საპროექტო მდგომარეობის დაკარგვის ფაქტები, და ა. შ. შედეგად, გაზსადენის მუშა წნევა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით და ბუნებრივი გაზით აჭარის რეგიონის შეუფერხებლად მომარაგების უზრუნველსაყოფად მიიჩნია მიზანშეწონილად საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ახალი გაზსადენის აშენება.

რეგიონში ვიზიტად მყოფი რომეო მიქაუტაძე და გიორგი ჩიქოვანი დეტალურად გაეცნენ განხორციელებულ სამუშაოებს და იმ ეტაპებით დაინტერესდნენ, რაც ობიექტის მშენებლობის დასრულებასა და ექსპლუატაციაში შესვლამდეა დარჩენილი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ახალი გაზსადენის მშენებლობის აუცილებლობა განპირობებული იყო აჭარის რეგიონის მზარდი მოთხოვნილებით ბუნებრივ აირზე. მისი თქმით, რეგიონში გაზმომარაგების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვნად

შეუწყობს ხელს როგორც შავი ზღვის სანაპირო ზოლის, ისე აჭარის მაღალმთიანი ზონის ეკონომიკურ განვითარებას - „ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საქმეში“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელმაც და იმ სარგებელზე ისაუბრა, რასაც გაზსადენი რეგიონის მოსახლეობას მოუტანს.

„60 კილომეტრიანი ახალი გაზსადენი სრულიად შეცვლის აჭარის რეგიონის ენერგომომარაგების ეფექტიანობას. იგი მნიშვნელოვანი შეღავათი გახდება როგორც აჭარის მოსახლეობისთვის, ისე ტურისტული სექტორისთვის, რომლისთვისაც სტაბილური, ხარისხიანი და საიმედო გაზმომარაგება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ამაჟამად გაზსადენის საჰაერო გადასასვლელის 260 მეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს, მდინარე სუფსაზე. კორპორაციის გუნდი სრულიად უნიკალური სირთულისა და უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოებს ასრულებს. მოხარულები ვართ, რომ ამ საქვეყნო საქმეში, მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის ენერგოპროექტის განხორციელებაში, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ წამყვანი როლი შეასრულა“,- აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის სოციალური სექტორის მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით გარანტირებული მომარაგების უზრუნველყოფა, ისევე როგორც ნავთობისა და გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, ნავთობისა და გაზის კორპორაციის  საქმიანობის უმნიშვნელოვანესი სფეროა.