მთავრობა ფოთში ჯავახიშვილის ქუჩის 30-ში მცხოვრებლებს ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფას ან ფულად ანაზღაურებას სთავაზობს

ფოთის მერია

ქალაქ ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის 30-ში მდებარე პირველ და მეორე კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და მთავრობის შეთავაზება გააცნეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯავახიშვილის ქუჩის #30-ში მაცხოვრებელ 100-მდე ოჯახს სახელმწიფო ორ პირობას სთავაზობს - მალთაყვის უბანში, ალტერნატიული ფართების გადაცემას - არსებულ ფართზე 10-12 კვადრატული მეტრით მეტი მოცულობით ან თანხობრივ ანაზღაურებას კვადრატული მეტრისთვის 600 აშშ დოლარის (ექვივალენტის) ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრისას მოსახლეობამ ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფა ითხოვა. მთავრობამ დაიწყო პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა: გამოიყო მიწის ნაკვეთი ფაზისის ქუჩაზე, მომზადდა ბინის პროექტი და მოსახლეობის თანხმობის შემთხვევაში დროულად განხორციელდება მშენებლობა. ამ პერიოდის განმავლობაში თითოეული ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება დროებითი საცხოვრებელი ფართით.

ჯავახიშვილის 30-ში მცხოვრები 100-მდე ოჯახი ფოთის პორტის ღია სასაწყობე მეურნეობის მიმდებარედ ცხოვრობს. მათი განცხადებით, ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების დასაწყობება ღია სივრცეში ხდება, რაც მათ ჯანმრთელობას ვნებს.შეხვედრაზე შეთანხმება ამ ეტაპზე ვერ შედგა. ჯავახიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები ითხოვენ თანხობრივი ანაზღაურების გაზრდას კვადრატულ მეტრზე 800 აშშ დოლარამდე.