„მოვითხოვთ უკანონო პატიმრობაში მყოფი 10 პირის უპირობო გათავისუფლებას“ - ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 126-ე შეხვედრა იწყება

ერგნეთი

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 126-ე შეხვედრა იწყება. განიხილავენ წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარ ინციდენტებს. ქართული მხარე უკანონოდ დაკავებულთა უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს. განიხილავენ ასევე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის საკითხსა და უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევებს.

„პრობლემურია უკანონო პატიმრების საკითხი და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხი, რაზედაც გაკეთდება მთავარი აქცენტები დღევანდელ შეხვედრაზე. დღეს მდგომარეობით უკანონო პატიმრობაში იმყოფება 10 პირი. მოთხოვნილი იქნება, რასაკვირველია, მათი უპირობო გათავისუფლება. ვისაუბრებთ უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის შემთხვევებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა შეხვედრიდან დღემდე. აღნიშნული უკანონო პროცესი განხორციელდა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, დაფიქსირდა თერთმეტი შემთხვევა.

ირიგაციასთან დაკავშირებულ საკითხებსაც შეეხება მსჯელობა. ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა ყველაფერი, რათა ბენეფიციარებამდე შეუფერხებლად მისულიყო წყალი, მაგრამ არის გარკვეული ხარვეზები, რაც უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ პრობლემებს“, - განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.