მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მიმდინარეობა განიხილა

ლევან ჟორჟოლიანი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მიმდინარეობა განიხილეს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რეფორმის პირველ ეტაპზე, ოპტიმიზაციის შედეგად ენერგეტიკულ კომპანიებსა და საქართველოს რკინიგზაში წლიურად 52 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა.

ლევან ჟორჟოლიანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს დეტალურად განუმარტა რეფორმის არსი და განაცხადა, რომ ის სახელმწიფო საწარმოების მართვის სისტემის თვისებრივად განახლებას გულისხმობს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეფორმის მიზანია, სახელმწიფო საწარმოები დოტაციაზე ყოფნის ნაცვლად იყვნენ მომგებიანი და ფული შეიტანონ ბიუჯეტში, გაიმართოს მენეჯმენტი და გაძლიერდეს სამეთვალყურეო საბჭოები. ასევე მნიშვნელოვანია, სახელმწიფო საწარმოები არ შედიოდნენ კონკურენციაში კერძო სექტორთან, რაც უზრუნველყოფს მათი საქმიანობის მეტ ეფექტურობას და სამი წლის შემდეგ - 2028 წლისთვის, ხელშესახებ შედეგებს მოიტანს.

შეხვედრას სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ნატალი მანუილოვა, ფისკალური რისკების მართვის საკითხებში რეგიონული მრჩეველი იანიკ ველი, ფისკალური საკითხების დეპარტამენტის მოკლევადიანი ექსპერტი ევრილ ჰალსტედი და ფისკალური საკითხების დეპარტამენტის მოკლევადიანი ექსპერტი სორანა ბაჩუ დაესწრნენ.