ექსპერტები გვირჩევენ, სახლში გათბობის გამოყენებისას არ დავუშვათ ეს 5 შეცდომა
1769861573
სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძიზე“ ზამთრის ტურისტული სეზონი აქტიურად მიმდინარეობს. კურორტს ყოველწლიურად ემატება ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა და ტურისტული პროდუქტები. მიმდინარე წლის ზამთრის ტურისტულ სეზონზე კურორტზე რამდენიმე ახალი სასტუმრო ამოქმედდა.
მათ ფუნქციონირებასა და ზამთრის ტურისტული სეზონის მიმდინარეობას დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად გაეცნო. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად მზარდია კურორტზე ვიზიტორების რაოდენობაც. 2025 წელს, კი კურორტმა 25,000 ვიზიტორს უმასპინძლა, რაც დაახლოებით 19%-ით აღემატება 2024 წლის მონაცემებს.
კურორტსა და მის მიმდებარედ არსებულ სასტუმროებში, კოტეჯებში, ჰოსტელებსა და საოჯახო სასტუმროებში ერთდროულად ამ ეტაპზე 1500-ზე მეტი ვიზიტორის განთავსებაა შესაძლებელი. კურორტს ყოველწლიურად ემატება ახალი ტურისტული ობიექტები. განვითარების პარალელურად, კურორტი არაერთი პოპულარული მედია გამოცემის ყურადღების ქვეშ მოექცა. პოპულარული სამოგზაურო პლატფორმის European Best Destinations-ის მიერ დასახელდა კიდეც ევროპის საუკეთესო სათხილამურო უხვთოვლიან მიმართულებად. წელს, კი კურორტის ულამაზესი ფოტო ცნობილი ბრიტანული სამოგზაურო გამოცემის ,,Wired for adventure" გარეკანზე მოხვდა. სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ გამორჩეულია თოვლის ხარისხით, სათხილამურო ტრასებითა და ულამაზესი პეიზაჟებით. ის განსაკუთრებით მიმზიდველია პროფესიონალი და გაუკვალავში თავისუფალი სტილით მოთხილამურეებისთვის.
ამ ეტაპზე კურორტზე 8 კილომეტრიან სათხილამურო ტრასებს ორი გონდოლასა და ბაბლის ტიპის საბაგირო ემსახურება. კურორტზე განთავსებულია რესტორნები, სწრაფი კვების ობიექტები, თხილამურების, ბურანების გასაქირავებელი ობიექტები და პირველადი დახმარების სამედიცინო პუნქტი, მოწყობილია მცირე დახრილობის სათხილამურო ტრასა ბავშვებისა და დამწყები მოთხილამურეებისთვის. კურორტი გოდერძი, რომელიც საქართველოს სხვა სამთო-სათხილამურო კურორტებისგან უხვთოვლიანობით გამოირჩევა, 2015 წელს გაიხსნა. პირველი თოვლი აქ ნოემბერში მოდის და სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან-აპრილამდე გრძელდება. გოდერძის დათოვლილი ფერდობები განსაკუთრებით იზიდავს გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულებს.