შსს ეკა ბესელიას შვილის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
1769861556
ზამთარი ის დროა, როცა ადამიანები უფრო მეტ დროს ატარებენ სახლში. უსაფრთხოების თვალსაზრისით ზამთარი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პერიოდიცაა, რადგან ამ დროს ხანძრების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება, წერს HuffPost.
აშშ-ის სახანძრო დაცვის ეროვნული ანგარიშგების სისტემის მიერ 2017–2019 წლებში შეგროვებული მონაცემების მიხედვით, საცხოვრებელ სახლებში მომხდარი ხანძრების ნახევარზე მეტი დეკემბრიდან მარტის ჩათვლით პერიოდში ფიქსირდება.
აღნიშნულია, რომ ამ შემთხვევების დიდი ნაწილის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა. ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებისა და ელექტროტექნიკის სფეროს ექსპერტებმა გამოცემას გაუზიარეს ყველაზე სერიოზული შეცდომები, რომელთა დაშვებასაც ისინი ამ ზამთარში არ გირჩევენ:
1. არ განათავსოთ გამათბობელი იმ საგნებთან ახლოს, რომლებიც ადვილად შეიძლება აალდეს.
საცხოვრებელ სახლებში მომხდარი ყველაზე მასშტაბური ხანძრების მეოთხედზე მეტ შემთხვევაში ცეცხლი გაჩნდა იმის გამო, რომ სითბოს წყარო ძალიან ახლოს იყო აალებად საგნებთან. ხშირ შემთხვევაში ხანძრის გამომწვევი მიზეზი სწორედ გამათბობელია.
ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ეროვნული ასოციაციის კომუნიკაციების მენეჯერი სიუზან მაკკელვეი გვირჩევს, არ დავდგათ გამათბობელი ავეჯთან, ფარდებთან ან სხვა ადვილად აალებად ნივთებთან ახლოს.
2. რეგულარულად შეამოწმეთ ნახშირჟანგისა და კვამლის დეტექტორები.
ბევრ შემთხვევაში, როცა ხანძარი მოხდა, შენობებში კვამლის სიგნალიზატორები არ მუშაობდა ან საერთოდ მოხსნილი იყო სწორედ მაშინ, როცა მათი არსებობა ყველაზე მეტად იყო საჭირო.
აშშ-ის სახანძრო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლებში ხანძრების უმეტესობა ღამით - 23:00-დან 7:00 საათამდე პერიოდში ხდება, როცა ადამიანებს სძინავთ. სწორედ ამიტომ აუცილებელია სიგნალიზატორები, რომლებიც საფრთხის შესახებ გაგაფრთხილებენ მაშინ, როცა ამას თავად ვერ შეძლებთ.
რეკომენდებულია კვამლის სიგნალიზატორების შეცვლა ყოველ ათ წელიწადში ერთხელ და მათი შემოწმება მინიმუმ თვეში ერთხელ. როგორც წესი, ამის გაკეთება მარტივად შეიძლება სიგნალიზაციის ტესტირების ღილაკზე დაჭერით.
ექსპერტები ასევე ურჩევენ, სახლში რამდენიმე სიგნალიზატორი დაამონტაჟოთ. კერძოდ, ისინი უნდა იყოს თითოეულ საძინებელში, საძინებლების მიმდებარე სივრცეებში და სახლის თითოეულ სართულზე, მათ შორის სარდაფშიც.
3. არ დატოვოთ სითბოს წყაროები უყურადღებოდ.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა ნებისმიერი ნივთის, რომელმაც შეიძლება აალება გამოიწვიოს, უყურადღებოდ დატოვება, თუნდაც ეს მხოლოდ რამდენიმე წუთით ხდებოდეს.
„თუ სანთლებს იყენებთ, დარწმუნდით, რომ ოთახიდან არ გახვალთ, სანამ ისინი ანთებულია“, - გვირჩევს მაკკელვეი.
ასევე არ არის რეკომენდებული დაძინება ანთებული სანთლების ან ბუხარში ცეცხლის დატოვებისას. არ უნდა დატოვოთ ჩართული გამათბობელი, როცა სახლში არ ხართ ან გძინავთ. თუ საჭმელს ამზადებთ, არ დაგავიწყდეთ კერძი გაზქურაზე, რადგან ესეც საკმაოდ ხშირად ხდება ხანძრის მიზეზი.
4. თქვენი გათბობის სისტემის ტექნიკური შემოწმება
ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ, საკუთარი გათბობის სისტემების ტექნიკური შემოწმებაა.
„ადამიანების უმეტესობას ჰგონია, რომ ყოველ წელს უბრალოდ თერმოსტატთან მივლენ, ჩართავენ და ყველაფერი კარგად იქნება. თქვენ ვერ იცით, რა შეიძლება მოხდეს, თუ რეგულარულ შემოწმებებს არ ჩაატარებთ“, - აღნიშნა გათბობისა და კონდიცირების სისტემების დამონტაჟების კომპანიის მფლობელმა დუეინ ენოკმა.
5. არ შეაერთოთ იმაზე მეტი მოწყობილობა, ვიდრე თქვენს როზეტას ან ელექტრო პანელს შეუძლია გაუძლოს.
ექსპერტები გვირჩევენ, პორტატული ელექტროგამათბობლის გამოყენებისას ის პირდაპირ კედლის როზეტაში ჩართოთ და არ გამოიყენოთ დამაგრძელებელი ან გამყოფი.
„ისინი ჯერ აალდება, ვიდრე დენი როზეტამდე მივა და ავტომატური გამთიშველები იმუშავებს“, - განმარტა ელექტრიკოსმა აირიკა უოკერმა.
იდეალურ შემთხვევაში, არ უნდა შეაერთოთ ყველა მოწყობილობა ერთ როზეტაში ისე, რომ არ გადაამოწმოთ დენის სიმძლავრე და ძაბვა. ელექტრიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა ელექტრომოწყობილობას აქვს ტექნიკური მახასიათებლები, სადაც მითითებულია მაქსიმალური დასაშვები დენის ძალა ან ძაბვა.