გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა

საბავშვო ბაღი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა.

გადაწყვეტილების თანახმად, სააღმზრდელო პროცესზე, მხოლოდ ვაქცინირებული ოჯახების ბავშვები უნდა დაეშვათ.

ზურაბ უტიაშვილის განმარტებით, გადაწყდა, რომ სააღმზრდელო პროცესი ბაღებში საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, 24 იანვრიდან განახლდება.

„ჩვენ რამდენიმე ვერსიაზე ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ აცრებს მივცეთ სარეკომენდაციო ხასიათი, მაქსიმალურად ვეცადოთ, ვაქცინაციის აუცილებლობაში დავარწმუნოთ მშობლები. ბაღში მისვლის შესაძლებლობა ექნება ყველას და 37 საბავშვო ბაღი გაიხსნება დათქმულ დროს. თუ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, შესაძლოა ასეთი მიდგომა გამოვიყენოთ, თუმცა, ამ ეტაპზე, ბაღში ყველას მივიღებთ“,- განაცხადა უტიაშვილმა.

მანამდე, უტიაშვილმა საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებთან შეხვედრაც ჩაატარა და ამ მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.

რატომ შეცვალა გადაწყვეტილება, გურჯაანის მერმა განმარტება აღარ გააკეთა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მხოლოდ 32-33 პროცენტია ვაქცინირებული.