1749217709
გივი მიქანაძემ კახეთში ახლად რეაბილიტირებული ორი საჯარო სკოლა დაათვალიერა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების - არაშენდასა და ბაკურციხის ახლად რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერა.
გივი მიქანაძესთან ერთად კახეთის რეგიონში იმყოფებოდნენ: გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების დელეგატი გია ბენაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სტუმრებმა საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერეს და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო პროცესის განახლებულ გარემოში გაგრძელება მიულოცეს. არაშენდას და ბაკურციხის საჯარო სკოლები, 500-500 მოსწავლეზეა გათვლილი და მათი სრული რეაბილიტაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.
სკოლები აღჭურვილია სასწავლო რესურსებით, ინვენტარითა და ტექნიკით. ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. სკოლები უზრუნველყოფილია შიდა და გარე უსაფრთხოების სისტემებით. ორივე სკოლას აქვს როგორც ღია, ასევე, დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული ზონები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებული გარემო.