ფოთის მერის, ბექა ვაჭარაძის გადაწყვეტილებით, ფოთელი სტუდენტებისთვის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია დაწესდა

beqa vacharadze

ქალაქ ფოთის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, ფოთის 30 საუკეთესო სტუდენტს, ყოველი სემესტრის ბოლოს, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია გადაეცემა.

სტიპენდია სემესტრული ხასიათისაა და მისი ოდენობა 500 ლარს შეადგენს.

დაფინანსება გაიცემა 2 ეტაპად - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. სტიპენდიის მისაღებად, მსურველებს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა პირველ ეტაპზე - 1 მარტამდე, ხოლო მეორე ეტაპზე - 1 სექტემბრამდე შეუძლიათ.
ასევე, წელიწადში ერთხელ უნივერსიტეტიდან წარდგენილი საბუთების საფუძველზე სწავლა 1000 ლარის ფარგლებში დაუფინანსდება 70 000-ამდე ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ფოთელ სტუდენტებს. შერჩევა განხორციელდება კონკურსის წესით.

კონკურსში მონაწილეობა შეეძლებათ ფოთელ სტუდენტებს, რომლებსაც სემესტრის განმავლობაში აქვს არანაკლებ 81 ქულა და აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი. კონკურსანტების სიმრავლის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭება აკადემიური მოსწრების საუკეთესო ქულის მქონე კონკურსანტს, ხოლო თანაბარი ქულის არსებობის შემთხვევაში იმ კონკურსანტს, რომელსაც დამატებით წარმოდგენილი აქვს სამეცნიერო ნაშრომები, სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში აქტიური მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.