ფოთი არის საპორტო ქალაქი, რომელიც ისტორიულად ევროპული სივრცის განუყოფელი ნაწილია. ჩვენთვის ევროპა მხოლოდ გეოგრაფიული არჩევანი არ არის, ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი - ბექა ვაჭარაძე

ბექა ვაჭარაძე

 ფოთი არის საპორტო ქალაქი, რომელიც ისტორიულად ევროპული სივრცის განუყოფელი ნაწილია, როგორც თავისი ისტორიით, ისე ღირებულებებით. ჩვენთვის ევროპა მხოლოდ გეოგრაფიული არჩევანი არ არის, ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი, რომელიც ეფუძნება დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებისა და სუვერენიტეტის დაცვას, - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით შენდება სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობა.

„გვსურს მკაფიოდ და პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ საქართველოში ჩატარებული ეროვნული და ადგილობრივი არჩევნები წარმოადგენდა დემოკრატიული პროცესის გამოხატვას. როგორც ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი და როგორც პიროვნება, რომელიც პირადად ვიყავი ჩართული საარჩევნო პროცესებში, მსურს ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო პირდაპირი, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია ამომრჩევლებთან. ამიტომაც, საარჩევნო პერიოდში, გავმართეთ ფართო მასშტაბის შეხვედრები , რომელიც ეფუძნებოდა ხალხის საჭიროებებსა და ინიციატივებს.

იმავდროულად, სამწუხაროდ, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივ საზოგადოებასთან ამ ტიპის დიალოგში არ ერთვებოდა და პოლიტიკურ კამპანიას უმეტესად აფუძნებდა გარე შეფასებებსა და რეზოლუციებს. არჩევნების შედეგები ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას. მათ არჩევანი გააკეთეს სტაბილურობასა და განვითარებას შორის ბალანსის შენარჩუნებაზე, ისევე როგორც ეროვნულ იდენტობისა და ევროპული მომავალს შორის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ არჩევნები ჩატარდა თანამედროვე ელექტრონული სისტემით, ანუ სტანდარტით, რომელიც სრულად გამორიცხავს მანიპულაციის შესაძლებლობას. შესაბამისად, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მიერ შედეგების უარყოფა, ვერ იქნება დემოკრატიული პროცესის დისკრედიტაციის საფუძველი. ასევე აღსანიშნავია, რომ არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე, ოპოზიცია ელექტრონული სისტემის სანდოობას ეჭვქვეშ არ აყენებდა არამედ მიესალმებოდა. თუმცა შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მათი პოზიცია შეიცვალა.

ფოთის ადგილობრივ არჩევნებში რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ უარი თქვა კამპანიის გაგრძელებაზე, რაც სისტემურ პრობლემას კი არ ასახავს, არამედ ქართველი ხალხის მხრიდან მათ მიმართ ნდობის ნაკლებობას. ამასთან აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში , ოპოზიციის კანდიდატის მოხსნის შემდეგაც, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს ქართველი ხალხის ნდობას არჩევნებისადმი. იმავდროულად, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა მოწმობს მოქალაქეთა ნდობას იმ რეფორმებისა და პროექტების მიმართ, რომლებიც ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე განხორციელდა.

მტკიცედ უარვყოფთ ნებისმიერ მცდელობას, რომელიც მიზანმიმართულია დეზინფორმაციის გავრცელებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განზრახ დისკრედიტაციაზე. ფაქტებზე დაფუძნებული შეფასება, ობიექტურობა და პასუხისმგებლობიანი დიალოგი წარმოადგენს იმ პრინციპებს, რომლებსაც უნდა დაეფუძნოს ჩვენი თანამშრომლობა.

საბოლოოდ, მსურს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა საქართველოს მტკიცე ძალისხმევას ევროპული გზისადმი. განვაგრძობთ წინსვლას, ევროპული ოჯახის მთავარი ღირებულებების გათვალისწინებით, ადამიანური ღირსების პატივისცემით, ეროვნული სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვით“, - აღნიშნა ბექა ვაჭარაძემ.

ფოთის მერი, ბექა ვაჭარაძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს.