„ევროპა ხელგაშლილი არ გვხვდება“ - რატომ ვერ შედის ქართული ღვინო ევროპის ბაზარზე? კახელი მეღვინეები მილიონების დანაკარგზე ალაპარაკდნენ

ღვინო

„ამ დროისათვის ჩვენი პროდუქცია რუსულ ბაზარზე გაჩერებულია, არ გამოვრიცხავთ, რომ საერთოდ ვერ მივიღოთ შემოსავალი. ასე თუ გაგრძელდა, თანამშრომლების შემცირებაზე მოგვიწევს ფიქრი“ - კახელი მეღვინეები ღვინის რეალიზაციის ჩავარდნასა და თანამშრომლების მოსალოდნელ უმუშევრობაზე ალაპარაკდნენ.

უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსეთისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების ფონზე, ღვინის ბიზნესმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, შესაძლოა პროდუქციის გაყიდვა და უკვე გატანილი ღვინის საფასურის მიღება ვეღარ მოახერხოს.

ღვინის კომპანია „ბოლეროს“ გენერალური დირექტორი, ირაკლი ბექაური, „პრაიმთაიმთან“ საუბარში ამბობს, რომ ქართული ღვინო რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის ბაზრებზეა დამოკიდებული. 

„მინდა, პირველ რიგში თანადგომა გამოვხატო უკრაინელი ხალხის მიმართ. რაც შეეხება ბიზნესს, ჩვენ პროდუქციას ვაწვდიდით რუსეთში, უკრაინაში და ბელარუსში იმპორტიორებს, რომლებიც განბაჟებას აკეთებდნენ და შეჰქონდათ ბაზარზე. სამწუხაროდ, მთლიანად დარგია დამოკიდებული ამ ბაზრებზე, რაც საბჭოთა პერიოდის მემკვიდრეობაა, ტრადიციულად ჰქონდა სარეალიზაციო ბაზრები ამ ქვეყნებში. ეს ცუდია, მაგრამ ფაქტია. ჯერ იყო მძიმე 90-იანი წლები, მერე თითქოს სული მოვითქვით და 2006 წელს რუსეთმა ემბარგო დააწესა ქართულ ღვინოზე. ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმაა ჩვენთვის“, - თქვა ბექაურმა.

მეღვინე ამბობს, რომ ღვინის ბიზნესი ბაზრის დივერსიფიცირებაზე მუდმივად მუშაობს, თუმცა მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ფაქტორები აქვს.

„ჩვენს მუდმივად ვცდილობთ დივერსიფიცირებაზე ვიმუშაოთ, მცდელობას არ ვაკლებთ, სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, ევროპულ ბაზარზე გავიდეთ და შევიტანოთ პროდუქცია, მაგრამ არის ორი ხელის შემშლელი ფაქტორი. ერთი, რომ ამ ქვეყნებისთვის ჩვენი პროდუქცია ტრადიციული არ არის, საბჭოთა რკინის ფარდამ თავისი როლი შეასრულა და მეორე, ევროპის ქვეყნები თვითონაც აწარმოებენ ღვინოს, ჭარბად მოიხმარენ, მაგრამ ასევე ჭარბად აწარმოებენ. გულახდილად რომ გითხრათ, ისინი არ გვხვდებიან ხელგაშლილები. მაგალითად, ესპანეთი, საფრანგეთი და იტალია, ტექნოლოგიურადაც გვჯობნიან და გაცილებით იაფად სთავაზობენ ბაზარს საკუთარ პროდუქციას“, - აცხადებს მეღვინე.

ბიზნესმენი თვლის, რომ თუ საომარი მოქმედებები არ შეწყდა და უკვე გატანილი პროდუქციის რეალიზაცია ვერ მოხერხდა, ღვინის ქარხნებს თანამშრომლების შემცირებაზე ფიქრი მოუწევთ.

„უკრაინაში უნდა შეწყდეს საომარი მოქმედებები, რაც სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბების საშუალებას მოგვცემს. ამ წუთში ბაზრებზე პროდუქცია გაჩერებულია, რადგან ანგარიშსწორების ფორმა არ არსებობს. რუსული ბანკები სავალუტო ოპერაციებს ვერ ასრულებენ. თეორიულად იმასაც არ გამოვრიცხავთ, რომ საერთოდ ვეღარ მივიღოთ შემოსავალი. აქ რამდენიმე მილიონზეა ლაპარაკი. გვაქვს ბანკის კრედიტები, გვყავს ხალხი დასაქმებული. თუ ასე გაგრძელდა, შემცირებაზე ფიქრი მოგვიწევს. გარდა ამისა, გვჭირდება ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან, ღვინის სააგენტოსგან. მაგალითად, ნიუ-იორკში იყო ღვინის გამოფენა, სადაც ვერ მოვხვდით, იმიტომ რომ ორწლიანი რიგია ამერიკის საელჩოში ვიზის მისაღებად. სადაც ვერ ჩახვალ, საქმეს როგორ გააკეთებ?“ - ამბობს ირაკლი ბექაური.

უკრაინაში შეჭრის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა, რუსეთს 5 ათასზე მეტი სახის სანქცია დაუწესა, რის გამოც რუსული საფინანსო ინსტიტუტები და ბაზარი თითქმის გაჩერებულია.