ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ყაზბეგის ცენტრალურ ბიბლიოთეკას გაზეთ „ივერიის“ გამოცემები გადასცა

ივერია

საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ა(ა)იპ “ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრთან” არსებულ ყაზბეგის ცენტრალურ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადმოსცა პროექტის “გიგანტური წიგნების” ფარგლებში დაბეჭდილი ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამოცემული გაზეთ “ივერიის” 1886 და 1887 წლების ნომრებით დაკომპლექტებული წიგნები.

გაზეთი სრულადაა აღდგენილი, გაციფრებული და დაბეჭდილი ორიგინალის ზომითა და ფორმით.
პროექტი “გიგანტური წიგნები” გრძელდება და მის ფარგლებში იგეგმება XIX და XX საუკუნეების დასაწყისის ქართული პერიოდული გამოცემების “გიგანტური” ასლების დაბეჭდვა, რაც მიზნად ისახავს ერთი მხრივ ბიბლიოთეკის საცავებში დაცული დედნების გადარჩენას, მეორე მხრივ კი უნიკალური მასალების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და გაადვილებას.

პროექტი დააფინანსა ფონდმა “ქართუმ”.

 ა(ა)იპ “ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრი” მადლობას უხდის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას ასეთი ძვირფასი საჩუქრისათვის.