დადუ კერატიშვილის გარდაცვალების გამო, საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი საგარეჯოშიც გადაიდო

დადუ

საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი საგარეჯოშიც გადაიდო.

22 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიების გადადების მიზეზი, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორსული ქალის, 20 წლის დადუ კერატიშვილის გარდაცვალება გახდა.

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი და მერიის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ 19 დეკემბერს საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დადუ კერატიშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებენ გარდაცვლილი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით, 22 დეკემბერს დაგეგმილი ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება და სპექტაკლი გადადებულია", -ნათქვამია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდზე.

ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომანქანას, რომელშიც ორსული ახალგაზრდა ქალი იჯდა, სხვა ავტომობილი შეეჯახა.

თვითმხილველების მტკიცებით, ავტომანქანის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„საგარეჯოს გადასახვევთან შეეჯახათ. ნასვამი იყო. გამოვიდა იმიტომ, რომ ეს ანგელოზი და ჯერ დაუბადებელი ბავშვი მოეკლა. რამდენი ოჯახი გააუბედურა ახლა, მთვრალი ადამიანის თარეშმა ქუჩაში. დაზაფრულია ყველა, ისეთი ანგელოზი მოგვიკლა," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ავტოსაგზაო შემთხვევა ღამით, საგარეჯოსთან მოხდა. შეჯახების შედეგად ორსული ქალი ადგილზე გარდაიცვალა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.