„ჩვენს თვალწინ გარდაიცვალა, მძიმე ტრავმები ჰქონდა..." - რა გახდა აფეთქების მიზეზი ტყიბულის მაღაროში

ტყიბული

რა გახდა აფეთქების მიზეზი ტყიბულის მაღაროში - ადგილზე მოკვლევა სპეციალისტებმა დილიდან უნდა დაიწყონ. ინციდენტის შესახებ პირველი განმარტება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა გააკეთა.

„დაახლოებით ღამის 11-ზე მივიღეთ შეტყობინება, რომ მოხდა უბედური შემთხვევა. ტრავმირებული იყო 9 ადამიანი, 1 საკმაოდ მძიმე ტრავმებით და ჩვენ თვალწინ გარდაიცვალა. აფეთქების შემდეგ გამოწვეული ტალღის დამაზიანებელი ფაქტორი ამის შედეგი, რაც პირველადი ვერსიით ვიცით.

როგორც ხდება ხოლმე, მოხდა კარიერის აფეთქება, რაც ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. დილიდან დაიწყება შესაბამისი მოკვლევა.

რასაკვირველია, ტყიბულის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გარდაცვლილის ოჯახს დაეხმაროს და მხარდაჭერა აღმოუჩინოს, ამასთანავე დაშავებულებსაც“, - განაცხადა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა.

ძლიერი აფეთქება მინდელის მაღაროში იმ დროს მოხდა, როდესაც მიწის სიღრმეში მემაღაროები იმყოფებოდნენ. დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა 8. დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილობრივ კლინიკაში გაუწიეს.