ბორჯომის ტყეში ამჟამად სამი ღია კერაა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი

ბორჯომი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის გავრცელების ზოგიერთ სექტორში სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია და პოზიციის შენარჩუნება მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ბორჯომის ტყეში ამჟამად სამი ღია კერაა, სადაც მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

„ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ტერიტორია პირობითად სამ სექტორად გვაქვს დაყოფილი. ზოგიერთ სექტორში სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია და პოზიციის შენარჩუნება მიმდინარეობს, თუმცა გვაქვს ცხელი წერტილები.

ამჟამად სამი ღია კერა გვაქვს, სადაც მეხანძრე-მაშველები აქტიურად მუშაობენ. არის კონკრეტული ძველი კერები, რომლებზეც ლიკვიდაცია მოხდა და ამ ყველაფერს ვინარჩუნებთ. მაღალი ტემპერატურის და ქარის გამო ახალი ცხელი კერებიც გვაქვს.

სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ათასზე მეტი ადამიანი, ეს არის როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე, თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები და ასე ერთობლივად ვუმკლავდებით“,  - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.