ახმეტაში სასმელ წყალს ცისტერნებით არიგებენ

ცისტერნა

ზაფხულის სეზონის დადგომის შემდეგ, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის მოსახლეობას სასმელი წყალი თითქმის არ მიეწოდება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, მეორე წელია მიმდინარეობს, თუმცა სოფელში კვლავ წყლის დეფიციტია.

„ძალიან რთულ დღეში ვართ, ხან პირის დასაბანი წყალიც არ არის. თუ მოვა, ისე მოწანწკარებს, 24 საათში, 10 ლიტრი შეგროვდა. რეზერვუარის შევსებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. როგორც ვიცით, ტექნიკური პრობლემებია, რასაც ვერ აგვარებენ და ასე , ცისკარას იმედზე ვართ. ცისტერნებით ჩამოარიგებენ - ხოლმე, მაგრამ ვის ეყოფა?“, - ამბობენ ადგილობრივები.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში, ადასტურებენ, რომ სოფელ მატანში წყლის დეფიციტია და თითქმის ყოველდღე, წყლის ცისტერნებით დარიგება უწევთ.

„თითქმის ყოველდღე ვარიგებთ, ნამდვილად პრობლემაა. საქმე იმაშია, რომ ორი გაყვანილობაა, ახალში წყალი არ შედის, იმიტომ რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, სისტემაზე დაერთებული არ არის, თითქმის კართან მიყვანილი წყლის შეყვანა არ უნდათ. ძველ სისტემაში, კი არ არის საკმარისი წყალი, თან არ უფრთხილდებიან, სარწყავად იყენებენ. მალე ეს სისტემები გადაეცემა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას და ჩაირთვება მრიცხველებიც, ყოველდღე წყალიც შემოწმდება და უწყლობის საკითხიც გადაწყდება“, - განაცხადეს მერიაში.

სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, გასული წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, სამუშაოების დასრულებას მიმდინარე წლის 15 აგვისტოსთვის ვარაუდობენ.