როგორ უნდა მოიქცეთ, შუქის ხანგრძლივად გათიშვის შემთხვევაში, მაცივარში პროდუქტები რომ არ გაგიფუჭდეთ - შეფ-მზარეულის რჩევა

მაცივარი

უკრაინელმა რესტორატორმა და შეფ-მზარეულმა ევგენი კლოპოტენკომ გამომწერებს გაუზიარა რჩევა, რა უნდა გააკეთოთ, რომ ელექტროენერგიის ხანგრძლივი გათიშვის შემთხვევაში,მაცივარში პროდუქტები არ გაგიფუჭდეთ.

ბლოგერმა საკუთარ Instagram-გვერდზე გამოაქვეყნა მოკლე, მაგრამ გასაგები ინსტრუქცია გალღობილი ხორცისა და ბოსტნეულის შესანახად. ხორცის შემთხვევაში იგი გვირჩევს წყლისა და 30 გრამი მარილის ხსნარის მომზადებას, რომელშიც ქათმის ხორცი შესაძლებელია უსაფრთხოდ შეინახოთ ორი–სამი დღის განმავლობაშიც კი.

„მარილი ბუნებრივი კონსერვანტია. პირველ რიგში, ის ქათმის ხორცს უფრო მკვრივსა და გემრიელს გახდის, ხოლო მეორეც, ასეთი მსუბუქი დამარილება შენახვის ვადას ახანგრძლივებს. თუ ელექტროენერგია დღეში მხოლოდ ოთხი საათით გვაქვს, უბრალოდ დაამარილეთ. ხორცი არ გაფუჭდება, არაფერი დაემართება. ის რამდენიმე დღე დამარილებული დარჩება, ხოლო როდესაც დენი ჩაირთვება, უკვე შეძლებთ მის მომზადებას.“ - ამბობს შეფ-მზარეული.

ბოსტნეულის უფრო ხანგრძლივის დროით შესანახად შეფ-მზარეულის რეკომენდაციაა  ცხელი წყლის, ძმრისა და მარილის ნაზავის გამოყენება. კლოპოტენკოს თქმით, ამ ხსნარით დაფარული წიწაკა ან კიტრი გემოს მინიმუმ სამი–ოთხი კვირის განმავლობაში შეინარჩუნებს.