რატომ უნდა იყოს სატაცური რაციონში

asparagus

სატაცური დაბალ კალორიულობის გამო, წონაში დაკლების მსურველთა რაციონში, თამამადაა მოკალათებული. ოო, რამდენი ვიტამინის საბადოა და რა სასარგებლო ბოსტნეულია. რკინისა და მაგნიუმის შემცველი ხომ არის, ასევე შეიცავს ვიტამინთა ჯარს: A, B1, B2, B5, B6, C, E, H, PP. ასევე ფოლიუმის მჟავა, კალიუმი, თუთია... რკინადეფიციტური ანემიისა და გულის დაავადებების დროს სატაცური აუცილებლად უნდა დავამატოთ რაციონს. აქვს ბოჭკოს მაღალი შემცველობა, რაც აუცილებელია ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

სატაცურის მიღება პოზიტიურად მოქმედებს კანისა და თმის მდგომარეობაზე. 

მოკლედ, ის დროა, იყიდოთ სატაცური და გემრიელი სადილი გაამზადოთ. 

სატაცურის დამზადების დროს გაითვალისწინეთ, რომ რამდენიმე წუთში მზადდება. ბევრი ხარშვა ან შეწვა არ სჭირდება. შესაძლებელია მისი ორთქლზე მომზადებაც, გამოცხობა...

შეგიძლიათ გარნირად მიირთვათ თევზთან ან ხორცთან ერთად, მოთუშოთ სხვა ბოსტნეულებთან ერთად. ერთ-ერთი ყველაზე ადვილად მოსამზადებელია სატაცური კვერცხით.

რეცეპტსაც აქვე გთავაზობთ:

უხეში დაბოლოებები წააჭერით და გარეცხეთ სატაცური. აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ მარილი და 4 წუთით მოწალეთ სატაცურის ღეროები. ტაფაზე მოთუშეთ ნიორი და ხახვი, დააყარეთ სასურველ ზომაზე დაჭრილი სატაცური და თავი დაახურეთ. დარბილებულ სატაცურს დაასხით ათქვეფილი კვერცხი, სურვილისამებრ მოაყარეთ გახეხილი ყველი და თავი დაახურეთ. ორ წუთში გადააბრუნეთ და კიდევ ორ წუთში თქვენი კერძი მზადაა...

ბარემ აქვე: სატაცურმა შეიძლება, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის ცისტიტის, პროსტატიტის და კუჭის წყლულის დროს.