რატომ გვექავება კოღოს ნაკბენი და როგორ მოვირჩინოთ იგი მოფხანის გარეშე

კოღოს ნაკბენი

კოღოს ნაკბენებზე შემაწუხებელი რამ, ალბათ, ზაფხულის ცხელ დღეებში რთულად თუ მოიძებნება. 

რატომ გვექავება კოღოს ნაკბენი

კოღო კბენისას კანს პირის სპეციალური ნაწილით, ხორთუმით, ხვრეტს და სისხლის ამოწოვას იწყებს. ამ დროს კანში ნერწყვს უშვებს, რომელსაც საანესთეზიო საშუალების მსგავსი მოქმედება აქვს, ამიტომაც ტკივილს მანამდე ვერ ვგრძნობთ, სანამ კოღო არ გაფრინდება. გამომდინარე იქიდან, რომ იგი ანტიკოაგულანტებსაც (სისხლის შედედების შემფერხებელი ნივთიერებები) შეიცავს, სისხლი შედედების გარეშე აგრძელებს მიმოქცევას.

მეორე მხრივ, ქავილს, კერძოდ, ის ფაქტი იწვევს, რომ ნერწყვში ბევრი ცილა გვხვდება, ზოგიერთი მათგანი კი ალერგენია. კოღოსაგან მიღებულ პროტეინებს სხეული უცხოდ აღიქვამს, ამიტომაც მათგან ჩვენს დასაცავად იმუნური უჯრედები აქტიურდებიან.

შესაბამისად, ქავილს არა თავად ნაკბენი, არამედ სხეულის იმუნური რეაქცია იწვევს, რომელიც შემოჭრილ ცილებთან ბრძოლას ემსახურება.სწორედ ამიტომ, ზოგიერთ ადამიანს ნაკბენებზე შედარებით მსუბუქი რეაქცია აქვს, უცხო ცილის მიმართ მეტად მგრძნობიარეებს კი ნაკბენები მეტად სტკივათ და უსივდებათ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

რის მიხედვით არჩევენ კოღოები მსხვერპლს?

კოღოები ჩვენ მიერ ამოსუნთქული ნახშირორჟანგის საშუალებით ჩვენს სუნს დიდი მანძილიდან გრძნობენ და თავიდან სწორედ ასე გვიახლოვდებიან.

შემდეგ მიზანში ამოსაღებად რამდენიმე სხვადასხვა კომპონენტს იყენებენ: ფორმებს, ზომებს, ფერებს, ამონასუნთქის სუნს, მიკრობიოტას კანზე არსებულ თანაპროდუქტებს და სხვა სუნებს, მათ შორის, ამიაკის, რძემჟავასა და ოქტენოლის. თითოეული მათგანი ნახშირორჟანგს ერევა, რათა კოღოს სხვადასხვა სახეობისათვის მეტად ან ნაკლებად მიმზიდველები გაგვხადოს.

საბოლოო ჯამში, ეს იმ სუნის ტიპსა და რაოდენობას უნდა უკავშირდებოდეს, რომელსაც ადამიანი გასცემს. არსებობს კვლევები, რომლებიც კონკრეტულად სისხლის ჯგუფს, მის სიტკბოს ანდა გენდერს (მათი ვარაუდით, კოღოებს მდედრობითი სქესი უფრო იზიდავს) ეხება, თუმცა კონკრეტული დასკვნა, რომელიც მსხვერპლის არჩევის ტაქტიკას ახსნის, ჯერჯერობით არ არსებობს.