საშვილოსნოს ყელის კიბოს 7 „შენიღბული“ სიმპტომი, რომლებსაც ქალთა უმრავლესობა ყურადღებას არ აქცევს
1754421228
ზაფხულის ცხელ დღეებში ზოგი ადამიანი გასაგრილებლად აუზებს ან აკვაპარკებს სტუმრობს, მაგრამ რამდენად სუფთაა ისინი? გვიქმნის თუ არა საფრთხეს ამგვარი რეკრეაციული ადგილებით სარგებლობა?
ორი მთავარი რისკი კანის გაღიზიანება და კუჭ-ნაწლავის ინფექციებია. ამის მიუხედავად, თავად ცურვას ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენა აქვს. თუკი თავს დაიცავთ, სანერვიულო არაფერი გექნებათ და სარგებელსაც მიიღებთ.
ბაქტერიები, პარაზიტები და ვირუსები
ზაფხულობით აუზებთან დაკავშირებული ინფექციები განსაკუთრებულად აქტუალური ხდება ხოლმე, რასაც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებიც ეხმიანება. მაგალითად, 2015-19 წლებში აშშ-ში აუზთან ასოცირებული 200 ეპიდაფეთქება დაფიქსირდა, რამაც 3600 ადამიანზე იქონია გავლენა. ეს კანისა და ყურის ინფექციების, რესპირატორული პრობლემებისა და კუჭ-ნაწლავის გაღიზიანების სახით გამოვლინდა. მსგავსი სიმპტომები, როგორც წესი, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა, მაგრამ ზოგჯერ მწვავდება.
ზოგადად, აუზებს ქლორით ამუშავებენ, რომელიც, რომელიც ასეთ დაწესებულებებში ხშირად გამოიყენება. იგი ბევრ პათოგენს წარმატებით ანადგურებს, მაგრამ ყველას — არა. მეორე მხრივ, მას მოქმედებისთვის გარკვეული დრო სჭირდება, ანუ დაუყოვნებლივ შედეგს არ იძლევა, რაც ასევე გასათვალისწინებელია.
ზოგი მიკრობი ქლორით სათანადოდ დამუშავებულ აუზშიც კი დღეების განმავლობაში ნარჩუნდება. მაგალითად, ასეთია Cryptosporidium — მიკროსკოპული პარაზიტი, რომელიც დიარეას იწვევს. მტკიცე გარე აპკის დამსახურებით ის გასუფთავებულ წყალში 10 დღის განმავლობაში აგრძელებს არსებობას. ეს ერთუჯრედიანი ორგანიზმი იქ ადამიანის ფეკალური მასიდან ხვდება, სხვას კი ამ დაბინძურებული წყლის გადაყლაპვისას აავადებს. ამისთვის ძალიან მცირე რაოდენობაა საჭირო, შესაბამისად, მას ათობით ინდივიდის დაინფიცირება შეუძლია.
კიდევ ერთი გავრცელებული პათოგენი Pseudomonas aeruginosa-ა, რომელიც კანზე გამონაყარსა და ყურის ანთებას იწვევს — გარეთა ოტიტს (ცნობილია, როგორც "მოცურავის ყური"). ამასთან, არც ისეთი ნაწილაკებისგან ვართ დაზღვეულნი, როგორიც ნორო და ადენოვირუსებია. ისინი წყალში შეიძლება იყოს და იქ მყოფი ადამიანები დაასნებოვნოს.
ისიც უნდა ითქვას, რომ აუზის წყალში ადამიანის ოფლი, შარდი, კანის უჯრედები და ცხიმი ხვდება, რომლებიც ქლორთან ურთიერთქმედებს. ამის შედეგად მეორეული ქიმიური პროდუქტები წარმოიქმნება — ქლორამინები. ისინი ჯანმრთელობის პოტენციურ რისკებთან ასოცირდება და ქლორის მძაფრ სუნთანაცაა დაკავშირებული. საქმე ისაა, რომ აუზში მისი შესამჩნევი და შემაწუხებელი სუნი არ უნდა იყოს, არადა ზოგჯერ ამას სისუფთავის ნიშნად აღიქვამენ.
რჩევები
მსგავსი ინფექციები სიცოცხლისთვის საშიში არაა, მაგრამ შვებულების კომფორტულად გატარებაში ხელს ნამდვილად შეგიშლით. უსაფრთხოების წესების დაცვა აუზის თანამშრომლებმა უნდა უზრუნველყონ, თუმცა რისკის თავიდან ან სხვებისთვის აცილება თავადაც შეგიძლიათ.
ამისთვის რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინოთ:
- მიიღეთ შხაპი წყალში ჩასვლამდე, რათა ჭუჭყი და კანზე არსებული ცხიმები მოიცილოთ. ამგვარად ქლორის ეფექტიანობა გაიზრდება;- მოერიდეთ აუზს, თუ ავად ხართ, განსაკუთრებით კი დიარეის დროს;- შეეცადეთ, რომ წყალი პირში არ მოხვდეს;- არ ისარგებლოთ აუზით, თუ კრიპტოსპორიდიოზი გაქვთ. დიარეის შეწყვეტის შემდეგ ორი კვირა დაიცადეთ;ხშირად გადით საპირფარეშოში, რათა შემთხვევით განავალი აუზში არ მოხვდეს;- ხშირად შეუმოწმეთ ბავშვს საფენი, რათა წყალი ფეკალიებით არ დაბინძურდეს;- ცურვის შემდეგ კარგად გაიმშრალეთ ყურები, რითაც ანთების რისკს შეამცირებთ;- თუ ღია ჭრილობა გაქვთ, ის სითხეგაუმტარი პლასტირით კარგად დაფარეთ ან წყალში ჩასვლისგან თავი შეიკავეთ;- ცურვის შემდეგ შხაპი მიიღეთ.