რამდენ ხანს ინახება პასკა სინამდვილეში და როდის წყენს ის ბავშვს

paska

სააღდგომო სუფრა პატარებისთვისაც მიმზიდველია. განსაკუთრებით პასკა. თუმცა შეიძლება არ დაფიქრებულხართ იმ წვრილმანებზე, რაც შესაძლოა ბავშვების კუჭ-ნაწლავისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს.

ნატურალური სააღდგომო პასკის შემადგენლობაში შედის ფქვილი, კარაქი, რძე, კვერცხი, შაქარი, საფუარი, ქიშმიში, დაშაქრული ხილი და დაჭრილი თხილიც შეიძლება იყოს. ეცადეთ, ბავშვებისთვის ისეთი პროდუქტი შეარჩიოთ, რომელიც ამ პროდუქტების გარდა არაფერს ზედმეტს არ შეიცავს. ინგრედიენტების ჩამონათვალში არ უნდა შედიოდეს საკვები დანამატები: ფოსფატები, სორბიტოლი, ეთილის სპირტი და პროპილენგლიკოლი.

როგორ შევინახოთ პასკა სწორად
 
როცა პროდუქტს მაღაზიაში ყიდულობთ, დამზადების ვადასა და შენახვის პირობებს ეტიკეტზეც წაიკითხავთ. სამაგიეროდ, შინ გამომცხვარ პასკებს ოჯახები კვირაობით ინახავენ.

რაც უფრო ნატურალურია ნამცხვრის შემადგენლობა, მით ნაკლებია მისი ვარგისიანობის ვადა. სააღდგომო ნამცხვარი კონსერვანტების გარეშე ჩვეულებრივ 3 დღე ინახება მაცივრის გარეშე, ხოლო მაცივარში - დაახლოებით ერთი კვირა. ამაზე დიდ ხანს პასკის შენახვა რეკომენდებული არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში შიგნით ობის გაჩენოის რისკი იზრდება, მით უმეტეს, თუ მძიმე და ნოტიო პასკები გიზიდავთ.

თუ პასკის დიდი ხნით შენახვა გსურთ, ჯობია საყინულეში შეინახოთ. როცა გალღვება, კვლავ ფუმფულა და არომატული იქნება. გაყინულები პასკა დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ინახება. .

მინანქრიანი პასკა
პასკისმინანქარი ხშირად კვერცხის ცილისგან მზადდება, რომელიც თერმულად დამუშავებული არ არის. უმი ცილა კი არასასურველია პატარის ჯანმრთელობისთვის.

იმისთვის, რომ კვერცხში არსებული პათოლოგიური მიკროფლორა განეიტრალდეს, ის დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში უნდა ადუღოთ. ამიტომ 5 წლამდე ასაკის ბავშვებს უმ ცილებზე დამზადებული მინანქრით მორთულ პასკას ნუ შესთავაზებთ.

გარდა ამისა, მინანქარში ბევრი შაქარია და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში ჯობია შეზღუდული იყოს შაქრის რაოდენობა. დიეტოლოგები ამბობენ, რომ პატარებში ბევრი ტკბილეული პანკრეასის გაღიზიანებას იწვევს.

წყარო: მშობლები.გე