რა ტემპერატურაზე უნდა დავაყენოთ კონდიციონერი? - აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები

კონდიციონერი

 ძლიერი სიცხის დროს სხეულის გადახურებამ შესაძლოა გართულებებიც გამოიწვიოს, როგორ შევინარჩუნოთ სიგრილე შინ, ამ საკითხზე საინტერესო რჩევებს გვაძლევს ტექნიკური­ უნივერსიტეტ­ის ასოცირებული პროფესორი,­ ტექნიკის­ მეცნიერებათა­ დოქტორი ნანი მეფარიშვილი:

რა ტემპერატურაზე უნდა დავაყენოთ კონდიციონერი?

- უამრავ ადგილას მინახავს 17 გრად­უსზე ჩართული კონდიციონერი. ეს არ შეიძლება, ეს არასწორია. როცა ზამთარში 17 გრადუსია ტემპერატურა, ვამბობთ, რომ გვცივა. ზაფხულში კი, როცა კონდიციონერს 17 გრადუსზე ვაყენებთ და მერე ამ ძალიან გაგრილებული შენობიდან გასვლა გიწევთ, სარისკოა. ეს იწვევს ტემპერატურულ შოკს და ადამიანი შეიძლება ცუდად გახდეს. როცა სიცივიდან სიცხეში გადიხარ, უცებ ფართოვდება სისხლძარღვები.­ ამიტომ, სანამ გარეთ გახვალ, ადაპტაცია უნდა გაიარო.

როდესაც ვაკეთებთ ჰაერის კონდიცირებას, ვიღებთ გადამშრალ ჰაერს, ამიტომ აუცილებლად უნდა დავიცვათ ტენიანობა. კონდიციონერი მუდმივად შიგნით ატრიალებს ჰაერს, ახალი გარედან არ შემოაქვს. ამიტომ ჩრდილოეთ მხარეს აუცილებლად შეღებული უნდა გვქონდეს ფანჯარა, რათა ოთახში მოგვეწოდოს სუფთა ჰაერი.

როდესაც რამდენიმე კაცი ზის ოფისში, ყველაფერი დახურულია და კონდიციონერი ჩართულია, ხდება ჟანგბადის წვა. ერთ კაცს საათში 30 კუბური მეტრი ჰაერი სჭირდება.­ მერე ოთახში ეს ჰაერიც თავდება და იწყება დისკომფორტი. ადამიანს ჰგონია, კონდიციონერი აღარ აგრილებს, სინამდვილეში კი ეს ჭარბი ნახშირორჟანგით გამოწვეული დისკომფორტია. ამიტომ განიავება, ჰაერის შემოშვება აუცილებელია. ეს ერთ-ერთი აუცილებელი წინა პირობაა. ძალიან მშრალი ჰაერის შედეგად, ძალიან ადვილად მრავლდება ვირუსები.

- შეიძლება პერიოდულად გამოვრთოთ კონდიციონერი და ოთახი გავანიავოთ?

- კონდიციონერის გამორთვა არაფერ შუაშია. ბევრს ჰგონია, თუ ფანჯარას შეაღებენ ოთახში, კონდიციონერი გაფუჭდება. ნუ გეშინიათ, არაფერი მოუვა, მხოლოდ ოდნავ მეტ დენს დახარჯავს გაგრილებაზე.

რაც შეეხება ტემპერატურას, პირადად მე 24 გრადუსზე მაქვს დაყენებული, ზამთარში - 22 გრადუსზე­. როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში ჰაერის შემოდინებას ყურადღებას ვაქცევ. "კოვიდის" დროს დიდმა ორგანიზაციებმაც გასცეს რეკომენდაციები, რომ კონდიცირების პარალელურად აუცილებლად უნდა გაიღოს ფანჯრები, რათა უფრო არ გავრცელდეს ვირუსები.

კარგი იქნება, თუ შინ გვექნება ტენიანობის საზომი ხელსაწყო, რომელიც ტემპერატურასაც ზომავს. იდეალური ტენიანობაა 30 პროცენტის ზემოთ, 60 პროცენტამდე.

ამ წესების დაცვა ზამთარშიც დაგჭირდებათ, რადგან ზამთარში, როცა ჩართულია ცენტრალური გათბობა, ჰაერი მაშინაც შრება და ეს ძალიან გვიზიანებს სასუნთქ გზებს, მით უმეტეს მაშინ, თუ ტენიანობა ბინაში 20-პროცენტიანია.

ძალიან კარგია, თუ გვექნება პატარა შადრევანიც, ე.წ. ოფისის შადრევანი, რომელიც კარგად ასუფთავებს ჰაერს და ატენიანებს. თუ ტენიანობა არ არის დაცული,­ მაშინ ადამიანი 17 გრადუსზეც დისკომ­ფორტშია და ოფლი ასხამს, რადგან არ მიეწოდება ჟანგბადი საჭირო რაოდენობით.­ ძალიან მომწონს წყლის ჭავლის გასაფრქვევი ხელსაწყოც (სხვათა შორის, სულაც არ ღირს ძვირი). ეს წყლის ბურუსი, როგორც მას უწოდებენ, 7 გრადუსით დაბლა სწევს­ ტემპერატურას. თუ აგარაკი გაქვთ, შეგიძლიათ გარე სივრცეში მოაწყოთ წყლის ბურუსი და გაგრილდეთ.

ასევე კარგია, თუ ოთახს წყლით დანამავთ ანუ ჰაერში გააფრქვევთ სასხურებლით წყალს, რომელიც მაშინვე აორთქლდება, მაგრამ გააგ­რილებს. ზუსტად ის ეფექტი აქვს, რაც ბურუსულ დანადგარს. საღამოს­, როცა აგრილდება, შეგიძლიათ გააღოთ ყველაფერი და სახლი გაანი­ავოთ. დილით კი ისევ აუცილებლად ჩამოაფარეთ ფარდები.

- კონდიციონერი რა სიხშირით უნდა გაიწმინდოს?

- ყოველი სეზონის დაწყების წინ. უნდა გამოიღოთ ფილტრები და გარეცხოთ. მისი გარე ბლოკიც შეიძლება გამოირეცხოს. ვინც ამას ვერ შეძლებს,­ არიან ოსტატები და ისინი მოგიწესრიგებენ. წესით, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ავტომანქანებშიც უნდა გაიწმინდოს ფილტრები, კერძო ავტომობილებში კი თვეში ერთხელ უნდა შეიცვალოს, რათა ბაქტერიები არ ჩაჯდეს.