1746733863
რა გვასუქებს და რა არის ყველაზე სახიფათო დიეტის დროს - ცნობილი ენდოკრინოლოგის რჩევა

„იმედის დღის" ეთერში ქეთი ასათიანის რუბრიკაში „დიეტა+“ ენდოკრინოლოგმა, პროფესორმა ელენე გიორგაძემ სწორი კვების მნიშვნელობასა და სიმსუქნის წინააღმდეგ მედიკამენტური მკურნალობის შესახებ ისაუბრა.
„როცა სკოლაში ვსწავლობდი, კლასში მხოლოდ ერთი გოგონა იყო ზედმეტი კილოგრამებით. არც სასწორი ჰქონდა ვინმეს სახლში და ამ პრობლემაზე საერთოდ არავინ ლაპარაკობდა. ცხოვრების წესი სხვანაირი იყო, არ არსებობდა გაჯეტები და კომპიუტერი, რომლის წინაც დღეს მთელი დღე გაუნძრევლად ვსხედვართ. მე, პირადად, ყოველდღე ფეხით დავდივარ სამსახურში და დღეში 15 კილომეტრს გავდივარ. დავდივარ იმიტომ, რომ ყველაზე მეტად მეშინია, არ დავდგე სიმსუქნის პრობლემის წინაშე. გავიხსენოთ, რა პროდუქტს ვიღებდით 30 წლის წინ და რა გვაქვს დღეს. უცხოელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რაც არ უნდა გააკეთონ ენდოკრინოლოგებმა, პრობლემა ვერ გადაიჭრება, სანამ ბრძოლას არ გამოვუცხადებთ სუპერმარკეტს და იმ კომერციას, რაც კვების სფეროში ხდება. დღეს უმეტესად ვიღებთ გენმოდიფიცირებულ საკვებს. არც წარწერა “BIO” გვიცავს ამისგან, რადგან არც ისაა ჯანსაღი. ერთადერთი აღნიშვნა საკვებზე, გახლავთ „wild“ ანუ „ველური“ , მხოლოდ ის არის ჯანსაღი. რაც უფრო იაფია, უფრო ცუდი ხარისხისაა პროდუქტი. მათში შემავალი ემულგატორები და დანამატები ზრდის მადას. ზედმეტი კვება მხოლოდ ადამიანი ბრალი არ არის, თავად პროდუქტი ზრდის მადას“ - ამბობს ელენე გიორგაძე. მისი თქმით, დეპრესია და სიმსუქნე ძალიან მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან.
„ზოგიერთ ადამიანს ისეთი ფსიქიკა აქვს, დეპრესიის დროს საერთოდ ვერ ჭამს, მხოლოდ წყალს სვამს და იმასაც ძნელად. ძირითადად კი დეპრესიაში მყოფი ადამიანი ეძებს, რაზე გადართოს ყურადღება. ამ დროს ყველაზე ადვილია, რომ კვებით დაკავდეს. მით უმეტეს, თუ ამ დროს ეკრანს უყურებს, ვეღარ აკონტროლებს ულუფას. უკვე გასუქების შემდეგ დეპრესიის მეორე ტალღა იწყება - როცა იყურება სარკეში და ვიზუალი არ მოსწონს, ვეღარ ეტევა ტანსაცმელში და ა.შ.“ - აღნიშნავს ის და სიმსუქნის სამკურნალო პრეპარატების თემასაც ეხმაურება.
„ჭარბი წონის წინააღმდეგ არსებობს პრეპარატები და ჩვენთანაც ძალიან პოპულარულია ორი მედიკამენტი, მთელი საქართველო ამას იკეთებს. არაჩვეულებრივი პრეპარატებია, მოქმედების სამმაგი მექანიზმით, მაგრამ როგორც ენდოკრინოლოგი, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მათი ექიმის გარეშე მიღების. არსად მთელ მსოფლიოში ეს პრეპარატები არ იყიდება და არ ინიშნება უექიმოდ და ურეცეპტოდ, საქართველოს გარდა.
ამ პრეპარატებს საკმაოდ სერიოზული გვერდითი მოვლენები აქვთ. პაციენტს წინასწარ ვამზადებ, რომ ყველა ანალიზი ჩადგეს ნორმაში და ეს დავნიშნო. ახლა გერმანიაში გამოვიდა პრეპარატი, რომელიც თუ კარგად იმუშავებს, ბარიატრიას ჩაანაცვლებს, რადგან 10 თვეში წონის 25%-ს აკარგინებს. ასეთი ძლიერი პრეპარატები ყოველთვის არის ძლიერი გვერდითი მოვლენებით. ჩვენ, ექიმებიც, ვსწავლობთ, როდის და როგორ დავნიშნოთ და ამ დროს მთელი თბილისი მათ თვითნებურად მოიხმარს. ამის გამო ეს პრეპარატი სამჯერ ძვირი ღირს, ვიდრე ევროპაში. ერთადერთი, რაც თვითნებურად შეიძლება, ცხოვრების წესის შეცვლაა. ექიმებს გაიდლაინით გვაქვს რეკომენდაცია, პაციენტებს ვურჩიოთ, რომ ერთსაათიანი მჯდომარე მუშაობის შემდეგ 15 წუთი ოთახში იარონ. აუცილებელია ძილი 6 საათით, ძილის წინ კი 30 წუთი ფეხით უნდა გაიაროთ“ - ამბობს ელენე გიორგაძე.