გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
გამოცდა ყოველთვის წარმატებით არ სრულდება. თუმცა არც ყველაფერი სრულდება გამოცდით მეტიც, ზოგჯერ ალბათ ეს ერთგვარი ბიძგიცაა, რომ არ დანებდე და მეტი ძალისხმევა გაიღო მიზნების მისაღწევად. მარცხის რომანტიზება მართებული არაა, თუმცა, მისი არასწორი აღქმა უფრო უმართებულოა. ფორმალური გამოცდა, შესაძლოა, ცხოვრების კონკრეტულ ეტაპზე რაიმე შესაძლებლობას წყვეტდეს, თუმცა, კარიერული წარმატების მისაღწევად გარანტი, თვითრწმენისა და განვითარებაზე ზრუნვის გარდა, არ არსებობს. სწორედ ამაში დაგარწმუნებს იმ უკვე ძალიან წარმატებული ადამიანების ფრაზები, რომლებიც თავის დროზე გამოცდაში ჩაიჭრნენ.
ჯონ სნოუ
„მაღალი ნიშნების შემდეგ ცხოვრება არსებობს“, - ამბობს ჯონ სნოუ, რომელიც ყველა გამოსაშვებ გამოცდაში ჩაიჭრა, გარდა ინგლისურისა, სადაც ასევე არცთუ სახარბიელო ქულა მიიღო. თუმცა, იმდენად სურდა, ჟურნალისტი გამხდარიყო, რომ ამ საქმეში წარმატების მისაღწევად გამოცდაზე მიღებულ ქულებს ნამდვილად არ შეუშლია მისთვის ხელი და დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრიტანელი ჟურნალისტია.
რიჩარდ ბრენსონი
„მარცხიდან უფრო მეტს ისწავლი, ვიდრე წარმატებიდან. ხოლო თუკი წარმატების მიღწევა გსურს, ფურცელზე დაწერილი მაღალი ნიშნების არქონა ამ გზაზე ნამდვილად ვერ დაგაბრკოლებს“, - რიჩარდ ბრენსონი, რომელიც დღეს ბიზნესსამყაროს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფიგურად ითვლება. ინგლისელი მაგნატის ქონება ამ დროისათვის $6 მილიარდს აღწევს.
ჯოან როულინგი
„შესაძლოა, ისეთივე მარცხი არასდროს განიცადოთ, როგორიც მე, თუმცა, წარუმატებლობა ცხოვრებაში გარდაუვალია. შეუძლებელია, ისე იცხოვროთ, რომ რამეში მაინც არ მოგეცაროთ ხელი; თუკი, რა თქმა უნდა, ისე ფრთხილად არ იქნებით, რომ საერთოდ არ იცხოვრებთ — რაც, თავის მხრივ, უკვე მარცხია“, - ჯოან როულინგი, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწერლის არცთუ წარმატებული წარსულის შესახებ ინფორმაციას ალბათ ბევრჯერ შეხვედრიხართ ინტერნეტსივრცეში. ჰარი პოტერის სამყაროს შემქმნელი 2008 წელს, ჰარვარდის უნივერსიტეტის გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა და წარუმატებლობის მნიშვნელობაზე გამომწვევი სათაურით — „მარცხის სარგებელი“ — ისაუბრა. მართალია, იგი ყველა გამოცდაში არ ჩაჭრილა, თუმცა, პროფესიულის გარდა, პირად ცხოვრებაშიც არაერთხელ განიცადა მარცხი და მხოლოდ ერთმა რამ — წერის სურვილმა და სიყვარულმა — გადაარჩინა. ეს კი კიდევ ერთი მაგალითია, რატომ არის მნიშვნელოვანი იმ საქმის კეთება, რომელიც გიყვარს და იმ საქმის სიყვარული, რომელსაც აკეთებ. როულინგი ხომ საყვარელი საქმის კეთებით მსოფლიოში პირველი მილიარდერი ავტორი გახდა.
დოქტორი მარკ ლითგოუ
„წლების განმავლობაში მარცხის გრძნობა ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. საკუთარ შესაძლებლობებში არასდროს დავეჭვებულვარ, თუმცა, ყველაზე რთულ მომენტებში, როცა სწავლის პროცესში მიჭირდა, დილით ადგომის მოტივაციას სწორედ ეს მაძლევდა“, - მარკ ლითგოუ, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ და გამოცდილ ნეიროფიზიოლოგად მიიჩნევა. რაც უნდა გასაკვირი იყო, იგი სამ გამოსაშვებ გამოცდაში ჩაიჭრა, ერთში კი ზღვარი ძლივს გადალახა. ეს შედეგები მას საიმედო მომავალს არ უქადდა, თუმცა, დიდი ხნის შემდეგ, 37 წლის ასაკში, ლითგოუმ უკვე წარმატებით შეძლო უმაღლესი აკადემიური ხარისხის მოპოვება.
ლორდ ალან შუგარი
„შეცდომების დაშვებაზე ნუ იდარდებ, რადგან ადამიანების უმეტესობა სწორედ ასე სწავლობს", - ლორდ ალან შუგარი ცნობილი ბრიტანელი ბიზნესმენი, რომლის ქონებაც მილიარდ-ნახევარ დოლარს აღემატება, გამოსაშვებ გამოცდებზე დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, მოგვიანებით კი არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კარიერული წინსვლისთვის საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნვა და არა — სხვების ყურება.
წყარო: on.ge