18 სექტემბერს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1789666038
ზოგიერთი ჯანმრთელობის პრობლემა თავდაპირველად აშკარა სიმპტომების გარეშე ვითარდება. ორგანიზმში მიმდინარე მცირე ცვლილებები კი შესაძლოა ადრეული გამაფრთხილებელი ნიშანი იყოს, რომელიც დროული კვლევისა და საჭირო მკურნალობის დაწყების საფუძველს იძლევა.
„American Journal of the Medical Sciences“-ში გამოქვეყნებული მიმოხილვის მიხედვით, ნიუ-ჯერსის რატგერსის სამედიცინო სკოლის მკვლევრებმა ფრჩხილების ძირში მოწითალო ნახევარმთვარისებრი ლაქების არსებობა რამდენიმე დაავადებასთან, მათ შორის გულის უკმარისობასთან, ღვიძლის ციროზსა და რევმატოიდულ ართრიტთან დააკავშირეს.
ნორმალური ნამგალა ლაქა თეთრია და იშვიათად წითლდება, მაგრამ როცა ასე ხდება, ხშირად ამის მიზეზია სადმე სხეულში ჯანმრთელობის მალული პრობლემა - თუმცა მკვლევრები აღიარებენ, რომ ზუსტად არ იციან, რატომ არსებობს ეს კავშირი.
მიმოხილვა ასკვნის, რომ საჭიროა ჯანმრთელობის სრული შემოწმება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ფრჩხილის ძირზე წითელი ნახევარმთვარისებრი ზონები (ლუნულები) აღენიშნებათ, რათა დადგინდეს, ხომ არ არის ეს რაიმე სხვა პრობლემის მანიშნებელი.
„პირველად 1954 წელს აღწერეს და მას შემდეგ, აღწერილია მრავალი სხვა შემთხვევა და გამოვლინდა კავშირი გულ-სისხლძარღვთა, ღვიძლის, ჰემატოლოგიურ, დერმატოლოგიურ და რევმატოლოგიურ დაავადებებთან. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი ეტიოლოგია უცნობი რჩება, წითელი ნამგალა ლაქები შეიძლება მიუთითებდეს როგორც სისტემური დაავადების აქტივობაზე, ისე ადგილობრივ პათოლოგიაზე, მაგალითად ფრჩხილქვეშა სიმსივნეზე“, - წერენ მკვლევრები.
ფრჩხილის ნამგალა ლაქის დანიშნულებაა კერატინის ცილისგან შემდგარი ახალი უჯრედების წარმოქმნა, რომლებიც შემდეგ წინ მიიწევენ, მყარდებიან და დანარჩენ ფრჩხილს წარმოქმნიან. ძირითადად, ისინი უფრო მკვეთრად არის გამოხატული ხელისა და ფეხის ცერა თითებზე.
მართალია, ფრჩხილის ძირზე არსებულ ნახევარმთვარისებრ ზონებს უკვე ათწლეულებია უკავშირებენ გულის დაავადებებსა და სხვა პრობლემებს, მაგრამ ეს არის ამ შემთხვევების ყველაზე ვრცელი და ყოვლისმომცველი მიმოხილვა.
მკვლევრების მიერ გაანალიზებულმა ერთ-ერთმა ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ფრჩხილების ეს გაუფერულებული მონაკვეთები დაკავშირებული იყო მაგალითად შემაერთებელი ქსოვილის დაავადებებთან, მაგრამ ამ დაავადების მქონე ყველა ადამიანს არ ჰქონდა წითელი ნამგალა ლაქები და არც ყველა წითელი ლაქების მქონეს ჰქონდა თანმხლები დაავადება.
ასევე არსებობს შემთხვევათა კვლევები, რომლებიც აღწერს წითელ ნამგალა ლაქებს ბუდობრივი თმის ცვენის მქონე და ნახშირბადის მონოოქსიდით (CO) მოწამლულ ადამიანებში. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ლიტერატურაში ყველაზე ხშირად გულ-სისხლძარღვთა, ავტოიმუნური და რევმატოლოგიური დაავადებები ფიქსირდებოდა.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ სისტემური დაავადების ალბათობა ყველაზე მაღალია მაშინ, როდესაც წითელი შეფერილობა რამდენიმე ფრჩხილზე შეინიშნება და არა მხოლოდ ერთზე.
როცა ეს ლაქა ფერს იცვლის მხოლოდ ერთ ფრჩხილში, ძირითადად უფრო საქმე გვაქვს ფრჩხილქვეშა პრობლემასთან. განაგრძეთ კითხვა