საქალაქო სასამართლოში, ალეკო ელისაშვილის მეოთხე სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა

ალეკო ელისაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილის მეოთხე სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. გამოძიება ელისაშვილს სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხვისას, პოლიციელის შეურაცხყოფას ედავება.

ბრალდება ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ელისაშვილის წინააღმდეგ საერთო ჯამში, სისხლის სამართლის 4 საქმეა წარმოებული, საიდანაც ერთზე, რომელიც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს, მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

"მოცემულ საქმეში, რა თქმა უნდა, არის არაერთი მოწმე წარმოდგენილი, მოპოვებულია ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, გამოთხოვილია სხდომის ოქმი, სხდომის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, სადაც აღბეჭდილია ალექსანდრე ელისაშვილის მიერ მოწმის მიმართ განხორციელებული შეურაცხყოფა. შესაბამისად, ეს მტკიცებულებები ერთობლიობაში დაადასტურებს ალექსანდრე ელისაშვილის მიერ შესაბამისი დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს პროცესის მონაწილის შეურაცხყოფას", - განაცხადა საქმის პროკურორმა დათო დევიძემ.