კოღოები, ტკიპები და კრაზანები - როგორ დავიცვათ თავი შემაწუხებელი მწერებისგან

ნაკბენები

 ამინდის დათბობასთან ერთად, სულ უფრო რთული ხდება ტყეში სეირნობისგან, პიკნიკისგან და ხმაურიანი ქალაქების დატოვებისგან თავის შეკავება. ბუნებასთან კავშირს უამრავი დადებითი მხარე აქვს და როგორც მენტალური, ისე ფიზიკური ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.

სამწუხაროდ, ამ შესანიშნავი დროის გატარება ხშირად არასასურველ კომპანიონებთან ერთად გვიწევს. კოღოებს, ფუტკრებს, ტკიპებსა და ობობებს ყველაზე იდეალური დღის გაფუჭება და უსიამოვნო მოგონებების დატოვება შეუძლიათ.

 უმეტეს შემთხვევაში, ნაკბენისა და სიწითლის მიხედვით ადვილია იმის განსაზღვრა, თუ რომელმა მწერმა გვიკბინა და ამ მინიშნებებზე დაყრდნობით, შეგვიძლია მკურნალობის დაგეგმვა და შემაწუხებელი სიმპტომების გაყუჩება.

ამის მიუხედავად, მაინც საჭიროა სპეციფიკური ცოდნა და სერიოზული საფრთხის თავიდან აცილება, რაც სწორი ნაბიჯების გადადგმითა და გადამოწმებული ინფორმაციით შეგვიძლია. იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა მწერის ნაკბენები ხშირად ერთმანეთს ძალიან ჰგავს, მათი გარჩევა მაინც შესაძლებელია. მეტიც, ყველა მწერის ნაკბენს განსხვავებული სიმპტომი, ფორმა და მკურნალობის უნიკალური მეთოდი აქვს.

სიმპტომები და რეკომენდაციები


კოღოები
ძირითადი სიმპტომები: სიწითლე, მსუბუქი შეშუპება და ინტენსიური ქავილის შეგრძნება. კოღოს ნაკბენი, როგორც წესი ყველანაირი გართულების გარეშე თავისით იკურნება.

რეკომენდაციები: ნაკბენის არე დაიბანეთ წყლითა და საპნით და ქავილის შემთხვევაში, რამდენიმე წუთის განმავლობაში დაიტანეთ ყინული ან ცივი წყალი.


ფუტკრები და კრაზანები
ძირითადი სიმპტომები: უეცარი ტკივილი, შეშუპება, ძლიერი წვა. ფუტკრები ნესტარს ნაკბენში ტოვებენ, კრაზანები — არა.

რეკომენდაციები: ნესტარი ამოიღეთ და არეზე დაიტანეთ ყინული. ალერგიული რეაქციის დროს მიიღეთ ანტიჰისტამინური საშუალებები, ხოლო გართულების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციალისტს.

ტკიპები
ძირითადი სიმპტომები: კბენის შემდეგ კანში ჩარჩენილი ტკიპა პატარა წითელ ნიშანს ტოვებს.

რეკომენდაციები: პინცეტით მოიშორეთ კანში ჩარჩენილი სხეული, მაგრამ არ დაატრიალოთ ან არ მოუჭიროთ მწერის სხეულს. ნაკბენის მიდამოებში ჩაიტარეთ დეზინფექცია და მომდევნო დღეებში დააკვირდით სიცხის ან გამონაყარის ნიშნებს.

რწყილები
ძირითადი სიმპტომები: პატარა წითელი ნიშნები ინტენსიური ქავილის შეგრძნებით. ჩვეულებრივ ისინი შეგხვდებათ ტერფებზე, ფეხებზე ან მაჯებზე. ქავილი შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელდეს და გაღიზიანების შემთხვევაში შეიძლება ინფექციაც გამოიწვიოს.

რეკომენდაციები: ნაკბენი არე დაიბანეთ წყლითა და საპნით. შეამოწმეთ შინაური ცხოველები და თეთრეული, რადგან უმეტესად სწორედ მათგან ვრცელდებიან.


საწოლის ბაღლინჯოები
ძირითადი სიმპტომები: ერთ არეში განლაგებული რამდენიმე ნაკბენი. ინტენსიური ქავილი, განსაკუთრებით ღამით.

რეკომენდაციები: დაიბანეთ ნაკბენი არე წყლითა და საპნით. გამოიყენეთ ადგილობრივი მოქმედების ანტიალერგიული საშუალებები. დაათვალიერეთ საძინებელი და ხშირად გამოცვალეთ საწოლის თეთრეული.

ობობები
ძირითადი სიმპტომები: ტკივილი და სიწითლე, ზოგჯერ ორი ხილული ლაქით.

რეკომენდაციები: დაიბანეთ ნაკბენი არე და დაიტანეთ ყინული. ცხელების ან სისუსტის შემთხვევაში მიმართეთ სპეციალისტს.

ჩვეულებრივ, ზემოთ აღწერილი ყველა შემთხვევა მხოლოდ მცირე დისკომფორტს იწვევს, რომელიც რამდენიმე დღეში ქრება, მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მწერის ნაკბენი შესაძლოა უფრო მწვავე სამედიცინო პრობლემების გამომწვევი მიზეზი იყოს. უბრალო ნაკბენმა, შესაძლოა, მძიმე ალერგიულ რეაქციამდე, ინფექციამდე ან ბორელიოზამდე მიგვიყვანოს. ყველა მსგავს შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ სამედიცინო სპეციალისტს.

პრევენცია
გართულებების თავიდან აცილებისთვის, საჭიროა დაკბენამდე მოქმედება, ანუ პრევენცია. ამ მხრივ, მწერების საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი რეპელენტების (მწერების საწინააღმდეგო საშუალებების) გამოყენებაა. შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც კრემების ისე აეროზოლის ტიპის. ორივე მათგანი შეიცავს დიეთილტოლუამიდს (DEET) ან იკარიდინს და მათი მოძიება აფთიაქებსა და სუპერმარკეტებშია შესაძლებელი. შესაძლოა, არჩევანის გაკეთება ზედმეტად რთული მოგეჩვენოთ, მაგრამ მთავარია ეტიკეტზე დაკვირვება.

შეამოწმეთ ინგრედიენტები. როგორც წესი, ყველა ძირითადი საშუალება ან დიეთილტოლუამიდს შეიცავს ან იკარიდინს. ისინი კოღოების, ტკიპების და დაავადების გადამტანი სხვა მწერების მოსაგერიებლად გამოიყენება.

დიეთილტოლუამიდი ყველაზე უკეთ შესწავლილი და ეფექტური რეპელენტია კოღოების, ტკიპებისა და ბუზების წინააღმდეგ. მისი მოქმედების ხანგრძლივობა კონცენტრაციაზეა დამოკიდებული, მაგალითად, 30% DEET-ის შემცველი რეპელენტი დაახლოებით 6 საათის განმავლობაში მოქმედებს. სწორად გამოყენების შემთხვევაში, DEET უსაფრთხოა, მაგრამ შესაძლოა, კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

იკარიდინი მისი თანამედროვე, ნაკლებად გამაღიზიანებელი ალტერნატივაა, რომელიც ასევე ეფექტურია და უფრო მეტად მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. ხანგრძლივობით, 20% იკარიდინის შემცველი რეპელენტი 30%-იანი DEET-ის ეკვივალენტურია. მისი მოქმედების ხანგრძლივობა, საშუალოდ 6-დან 8 საათამდე მერყეობს. კანზე უფრო ნაზი ეფექტის გამო, იკარიდინი ბავშვებისა და მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის საუკეთესო არჩევანია.

სხვა მეთოდები

მწერებისგან თავის დასაცავად, რეპელენტების გარდა, სხვა ზომების მიღებაც სასარგებლოა. თუ ტყესთან ახლოს ცხოვრობთ, სრულად დაფარული ტანსაცმელი ატარეთ. ასევე, კარგი მეთოდია ფანჯრებსა და კარებზე ბადეების დაყენება.

ბუნებაში გასეირნების შემდეგ, სახლში დაბრუნებისას, აუცილებლად მთლიანი სხეული შეამოწმეთ, რადგან ტკიპები ხშირად საზარდულის, იღლიის ან ყურების მიდამოებში იმალებიან. თუ იცით, რომ რომელიმე მწერის ნაკბენზე ალერგიული რეაქცია გაქვთ, ყოველთვის თან იქონიეთ ეპინეფრინი.

თუ სხეულზე მწერის ნაკბენს აღმოაჩენთ, გახსოვდეთ, რომ ეს არ არის უჩვეულო მოვლენა. მათი სრულად თავიდან აცილება შეუძლებელია, ამიტომ მთავარია ნაკბენების ამოცნობა და მათი სწორი მოვლა.