ეს 5 წესი დაგეხმარებათ შვილებთან ემოციების გაკონტროლებაში

საზოგადოება

ხშირად მშობლები ძალიან იღლებიან და ემოციების კონტროლიც უჭირთ. ასეთ დროს კი შესაძლოა, შვილებს უყვირონ და ნეგატიური ფრაზები უთხრან. რა თქმა უნდა, ბავშვის ფიზიკური დასჯა კატეგორიულად მიუღებელია, თუმცა ყვირილს, უარყოფითი ემოციის გამოხატვასაც არანაკლები შედეგი აქვს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, შემდეგი 5 რჩევა გაითვალისწინოთ, თუ გსურთ, რომ შვილის ქცევაც მოაწესრიგოთ და მასთან მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნოთ:

1.ყვირილი პრობლემას ვერ მოაგვარებს


ეს არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი წესი, რომლის შეხსენებაც არაერთხელ მოგიწევთ. შესაძლოა, ისტერიკა ჩაცხრეს, მაგრამ დანაშაულის გრძნობა მაინც დარჩება. ამიტომ, ჯობს, ბავშვთან მშვიდად დალაპარაკებისა და ახსნის მეთოდი აირჩიოთ.

 

2. ბავშვის ფსიქოლოგიის შესწავლა აუცილებელია


რა თქმა უნდა, ყველა მშობელი ფსიქოლოგი ვერ გახდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთა ფსიქოლოგიის ძირითად ასპექტებს გაეცნოთ, წაიკითხოთ, ინტერნეტშიც უამრავი ინფორმაციაა, რომელიც დაგეხმარებათ, რომ სწორი მიდგომა ჩამოაყალიბოთ.

3. მშობლის როლის გაცნობიერება
 
მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი როლი გააცნობიეროთ. გახსოვდეთ, რომ ბავშვი ახლა იწყებს სამყაროს გაცნობას, არ აქვს იმდენი გამოცდილება, რამდენიც თქვენ და შესაბამისად, ბევრ შეცდომასაც დაუშვებს. იყავით უფრო მეტად მომთმენი და გამგები და დაეხმარეთ თქვენს შვილს, რომ სწორად განვითარდეს.

4. საკუთარი თავის კონტროლი


თუ ფიქრობთ, რომ ემოციების შეკავება აღარ შეგიძლიათ და მზად ხართ, რომ ბავშვს მთელი ხმით უყვიროთ, შეეცადეთ, ვიდრე ამას გამოხატავთ, ათამდე დაითვალოთ და ღრმად ისუნთქოთ. ამით წამიერი "აფეთქების" შეგრძნება მოგეხსნებათ და შედარებით მშვიდად გამოხატავთ საკუთარ პოზიციას. ან კიდევ, შესაძლოა, ცოტა  ხნით ოთახი დატოვოთ, შემდეგ კი შვილს დაელაპარაკოთ და აუხსნათ, რას აკეთებს ცუდად.

5. იფიქრეთ საკუთარ თავზე

შესაძლოა, ეს ბანალურ რჩევად მოგეჩვენოთ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისათვის, რომ საკუთარი წყენა და ბრაზი ბავშვს არ გადააბრალოთ. დალიეთ საყვარელი ყავა, ჩართეთ ფილმი, გაისეირნეთ. აუცილებლად გამოყავით თუნდაც მცირე დრო საკუთარი თავისთვის, როცა მარტო იქნებით და იმას გააკეთებთ, რაც ბედნიერებასა და სიმშვიდეს განიჭებთ. ნუ გექნებათ დანაშაულის შეგრძნება, ეს ყველა ადამიანს სჭირდება.