ძლიერი სიცხე, შესაძლოა, ადამიანის ორგანიზმში დაბერების პროცესს აჩქარებდეს - კვლევა

სიცხე

ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძლიერი სიცხე ადამიანის ორგანიზმში დაბერების პროცესს აჩქარებს. ეს გასათვალისწინებელია, რადგან დედამიწაზე ამჟამად მიმდინარე კლიმატის ცვლილების გამო თბური ტალღები გახშირდა.

სიცხის გავლენა იგივე არაა, რაც ჩვენს კანზე მზის რადიაციას აქვს. ის ადამიანის ბიოლოგიურ ასაკს ზრდის, რომელიც უჯრედებისა და ორგანოების მდგომარეობაზე აისახება. იგი ქრონოლოგიური ასაკისგან განსხვავდება, ამიტომ მის გამოსათვლელად სწორედ ფიზიოლოგიური და მოლეკულური ინდიკატორები გამოიყენება. ასევე, სპეციალური ტესტები, როგორიც ფილტვების ფუნქციონირების, კოგნიტიური უნარებისა და ძვლების სიმკვრივის გამოკვლევაა.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ძლიერ სიცხეს დროთა განმავლობაში ჩვენს სხეულში არსებული სისტემების დასუსტება შეუძლია. ეს წნევის, ქოლესტერინის დონისა და სისხლის ფუნქციის ცვლილებით იჩენს თავს. ხანგრძლივ პერსპექტივაში ამან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, სიმსივნისა და დემენციის რისკი შეიძლება გაზარდოს. ავტორებმა დაადგინეს, რომ ჩვენს ბიოლოგიურ ასაკზე ძლიერი სიცხის ეფექტი ისეთივეა, როგორიც მოწევის ან ალკოჰოლის მიღების.

მკვლევრებმა ტაივანში მცხოვრები 24 922 ადამიანის მონაცემები გააანალიზეს, რომლებიც 2008-22 წლებში შეგროვდა. ამ პერიოდში იქ 30-მდე თბური ტალღა დაფიქსირდა — უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე ნარჩუნდებოდა. პირველ ეტაპზე მათ მონაწილეთა ბიოლოგიური ასაკი სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის ტესტების მიხედვით განსაზღვრეს. შემდეგ იგი იმავე ინდივიდების ქრონოლოგიურ ასაკს შეადარეს, რათა სხვაობა გამოევლინათ და ეს ინფორმაცია თბური ტალღების სავარაუდო გავლენასთან შეაჯერეს.

აღმოჩნდა, რომ რაც უფრო ძლიერ სიცხეში უწევდათ ყოფნა ადამიანებს, მით უფრო მეტად იზრდებოდა მათი ბიოლოგიური ასაკი ქრონოლოგიურთან მიმართებით. საშუალოდ, ორი წლის განმავლობაში გადატანილი თბური ტალღები ბიოლოგიურ ასაკს 8-12 დღეს მატებდა.

"ეს რაოდენობა, შესაძლოა, მცირე მოგეჩვენოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში სხვადასხვა პოპულაციაში ამან საზოგადო ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება იქონიოს" — აცხადებენ მეცნიერები.

ყველაზე დიდი რისკის ქვეშ ის პირები, არიან, რომლებიც სოფლებში ცხოვრობენ ან ფიზიკურ სამუშაოს ასრულებენ, რადგან მათზე თბური ტალღები უფრო მეტად ზემოქმედებს. გამოვლინდა დადებითი ტენდენციაც — გაანალიზებულ 15 წელში ბიოლოგიურ ასაკზე სიცხის გავლენა შემცირდა, თუმცა ამის მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ ეს გამაგრილებელი ტექნოლოგიების დამსახურებაა.