ძილის რომელი პოზაა საუკეთესო ჩვენი სხეულისთვის

ძილი

 ბევრს ჰგონია, რომ ძილის პოზა მხოლოდ ჩვევაა. მეცნიერების აზრით, ზოგიერთ მათგანს ჯანმრთელობისთვის მეტი სარგებელი აქვს. ადამიანების უმეტესობა მთელი ღამის განმავლობაში იცვლის მდგომარეობას. ჯანმრთელი ახალგაზრდებისთვის მას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ძილის პოზა სხეულზე მოქმედებს.

მართალია, ძილის ერთი იდეალური პოზა არ არსებობს, თუმცა ზოგიერთ მათგანს ჩვენზე დადებითი ან უარყოფითი გავლენა აქვს. მაგალითად, ზურგზე ძილს რამდენიმე მინუსი აქვს. პირველ რიგში, ამ დროს ადამიანი მეტად ხვრინავს, რადგან გრავიტაცია ენასა და რბილ ქსოვილებს ყელისკენ წევს. ამავდროულად, ზურგზე წოლა ძილის აპნეას განვითარების რისკს ზრდის. ეს მხოლოდ ძილის ხარისხზე არ მოქმედებს, არამედ ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამომწვევიც შეიძლება, გახდეს.

მეორე მხრივ, ზურგზე ძილს თავისი სარგებელიც აქვს. ეს პოზიცია ხერხემალს გასწორებაში ეხმარება. გარდა ამისა, გულძმარვის მქონე ადამიანებს ასე ძილი შვებას ჰგვრის, განსაკუთრებით მაშინ, თუ თავი ოდნავ მაღლა აქვთ. ზურგზე ძილი ნაოჭების გაჩენასაც ნაკლებად უწყობს ხელს.

 ჩვილებს პროპორციულად დიდი თავი და ვიწრო სასუნთქი გზები აქვთ, ამიტომ ზურგზე ძილი ხელს უშლის გაგუდვას ან მოულოდნელი სიკვდილის სინდრომს.

ადამიანების უმეტესობას გვერდულად ძილი ურჩევნია, რაც, როგორც ჩანს, სასარგებლოა. ამ პოზიციას ხვრინვისა და ძილის აპნეას რისკის შემცირება შეუძლია. განსაკუთრებით ეფექტიანად მარცხენა მხარეს ძილი ითვლება, რადგან ამ დროს გრავიტაცია საჭმლის გადამუშავებაში გვეხმარება. ნარჩენები აღმავალი ნაწლავიდან განივისკენ გამარტივებულად გადადის, შემდეგ დაღმავალი ნაწლავის გავლით სხეულს ტოვებს.

შეიძლება, გვერდულად ძილი ტვინსაც კი ეხმარებოდეს. მღრღნელებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით, ამ პოზიციაში ტვინი ინტერსტიციული ნარჩენებისგან უკეთ სუფთავდება. ასე ალცჰაიმერისა და პარკინსონის განვითარების რისკი მცირდება. მუდმივად ერთ მხარეს წოლამ შეიძლება, მხარისა და ზურგის ტკივილი ან ყბის დაჭიმულობა გამოიწვიოს.

როგორც გვერდულად ძილი, მუცელზე წოლაც ხვრინვასა და აპნეას ამცირებს. მიუხედავად ამისა, ადამიანის წონა სხეულის ცენტრალურ ნაწილზე ზეწოლას ახდენს. გარდა ამისა, ხერხემალზე დამატებითი დატვირთვა იქმნება. შედეგად, მუცელზე წოლამ შეიძლება, ზურგისა და კისრის ტკივილი გამოიწვიოს.

როგორც უკვე აღინიშნა, ძილის საუკეთესო პოზიცია ინდივიდუალურია. ის ორგანიზმსა და მდგომარეობაზეა დამოკიდებული.