„... ჩვენ მთლიანობას ვპოულობთ" - ყველაფერი, რაც მარხვის შესახებ უნდა ვიცოდეთ

მარხვა

მარიამობის მარხვა 14 აგვისტოს დაიწყო და 28 აგვისტოს მთავრდება. მარხვა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს ეძღვნება; ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, ის ქერუბიმებზე უპატიოსნესი და სერაფიმებზე აღმატებულია. ეკლესიაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედას ღვთისას. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება (რომელსაც ეკლესია მარხვით ხვდება) და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება, უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

რას ამბობენ ამ მარხვაზე სასულიერო პირები? გთავაზობთ მამა გიორგი სხირტლაძის ქადაგების ნაწყვეტს;

დეკანოზი გიორგი სხირტლაძე: შედარებით მოკლე, მაგრამ ინტენსიური სულიერი დატვირთვის მქონე მარხვაა. ყურადღება მივაქციოთ არა მხოლოდ იმას, რა ვჭამოთ და რა არა, არამედ შინაგან მოწესრიგებულობას, შინაგან დისციპლინას, სულიერ გაწონასწორებულობას. შინაგან წონასწორობას ადვილად დავკარგავთ, თუ ყურადღება გადატანილი გვექნება პოლიტიკაზე, გართობაზე, აზარტულ თამაშებზე, საკვებსა და ჭინჭებზე. დავრწმუნდეთ, თვითკონტროლი გვაქვს თუ არა, შეგვიძლია თუ არა თავი შევიკავოთ წყობიდან გამოსვლისგან.

ზოგჯერ ადამიანები არ კონცენტრირდებიან და კარგავენ მიზანს, თუ რისთვის მარხულობენ. მარხვის იმიტაცია საშიშია. ვეცადოთ მარხვა სულიერად დავიცვათ და არა მხოლოდ საკვების შეზღუდვით.

მარხვა არ არის მხოლოდ ბიოლოგიური საკვებისგან თავის შეკავება, ეს არის თავის შეკავება ცდუნებებისგან, ავი ზრახვების ჩახშობა, მავნე მიდრეკილებების დროულად აღმოფხვრაა მარხვა.

მარხვით, როგორც დამხმარე საშუალებით, ჩვენ მთლიანობას ვპოულობთ. მარხვა საშუალებას აძლევს ადამიანს, რომ მარხვაში, ისევე როგორც ხსნილში, ერთი გულითა და ერთი პირით ადიდოს ღმერთი. ამისთვის საეკლესიო ცხოვრების დისციპლინაა საჭირო. ეს არის ლოცვა, მარხვა და საეკლესიო მსახურებებზე დასწრება და ზიარება; საეკლესიო დისციპლინა ადამიანის ნებაზე არ ძალადობს...

მარხვაში განსაკუთრებით უნდა აცნობიერებდეს საღვთო სჯულის კანონებს.  უნდა ვეცადოთ, რომ განსაკუთრებით მარხვაში, გავთავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან; ადვილად ხდება ცოდვების მონანიება, ადამიანი ადვილად მისაწვდომი ხდება მადლისთვის, მასში სულიწმინდის მადლის შეგძრნება მეტად ხდება; მარხვის დროს  ჯანმრთელობა უმჯობესდება, ფიზიკური და სულიერი მხარე უკეთესს მდგომარებაშია; სულსა და სამშვინველში კეთილი პროცესები მიმდინარეობს. ნებისყოფა ძლიერდება, სინდისი სუფთავდება, განიღვთება, ისხლეტს საცდუნებელს. მონანიების სურვილი ჩნდება და ადამიანის მდგომარეობა მენტალურად უმჯობესდება;

წავიკითხოთ იმ წმინდანთა ცხოვრება, რომლებიც ამ მარხვაში მოიხსენიება; ეს ბიოგრაფიები კი არ არის, საეკლესიო პედაგოგიკაა, რომელიც ადამიანის ნატურას ამთლიანებს და იმის საშუალებას აძლევს, მეტი იმედი ჰქონდეს ცხოვრებაში, გათავისუფლდეს პესიმიზმისგან, ცოდვებისგან და მიეცეს სასიცოცხლო ძალა.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „უცნაური მოვლენა ცაზე, რომელიც ბოდბისხევში დააფიქსირეს“ - რა კადრებს ავრცელებს მარკუს მეტრეველი

VIDEO: შემზარავი კადრები თბილისის ქუჩებიდან - „სიკვდილს უვარდებიან ხელებში“

უნიკალური ოპერაცია - ადამიანის ორგანიზმში ერთი თვის წინ ღორის თირკმელი გადანერგეს და გამართულად მუშაობს