„თითქოს მომზადებული მოვიდა, ეს რომ ეთქვა... “ - ირაკლი ოქრაძე გურამ დადიანიძესთან შეხვედრას იხსენებს
1790970843
თანამედროვე iPhone და Android ტელეფონები წყლისგან ბევრად უკეთესადაა დაცული, ვიდრე ადრე იყო, თუმცა რიგ შემთხვევებში ისინი შესაძლოა მაინც დასველდნენ. დასველებული ელექტრონიკა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაშრეს და მრავალი ადამიანი ჩვევისამებრ მოწყობილობას ბრინჯში დებს, თუმცა ეს ცუდი იდეაა, წერს HowToGeek.
მთავარი პრობლემა ისაა, რომ ბრინჯს არ გააჩნია რაიმე განსაკუთრებული თვისება, რაც დასველებული გაჯეტის გადარჩენის საშუალებას მოგვცემდა. სმარტფონი სრულიად ცარიელ ჯამშიც რომ ჩადოთ და გარკვეული დროით დატოვოთ, ეფექტი იგივე იქნება.
დიახ, ბრინჯს შეუძლია წყლის შეწოვა, რაც კარგად ნაცნობია ყველასთვის, თუმცა სითხის შთანთქმა ბრინჯის ხარშვისას და ტენის გამოდევნა ჰაერიდან ან სმარტფონის კორპუსიდან სრულიად განსხვავებული პროცესებია.
მაგალითად, სილიკაგელი ტენის შეწოვაში ბრინჯზე დაახლოებით 10-ჯერ უფრო ეფექტურია. მას შეუძლია საკუთარი წონის დაახლოებით 40%-მდე წყალი შეიწოვოს, სანამ ზღვარს მიაღწევს. 5 გრამიანი სილიკაგელის პაკეტს დაახლოებით 2 გრამი ტენის შეწოვა შეუძლია, რასაც ჩვეულებრივ 24-48 საათი სჭირდება. ბრინჯი ასეთ შედეგს რომ მიუახლოვდეს, სმარტფონის მასში დატოვება ერთ კვირაზე მეტხანს მოგიწევდათ.
ბრინჯის ტენის შეწოვის დაბალი უნარი პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია. მარცვლები მუდმივად ეხახუნება ერთმანეთს, რის გამოც თანდათანობით წვრილი ბრინჯის მტვერი წარმოიქმნება.
თუ სველ ტელეფონს ბრინჯში ჩადებთ, ეს ნაწილაკები შეიძლება დამტენის პორტში (პორტებში) და კორპუსის სხვა მცირე ხვრელებში მოხვდეს. ხოლო ტენი შესაძლოა ბრინჯის მტვერს შეერიოს და ის წებოვან მასად აქციოს, რომლის მოშორებაც ბევრად უფრო რთული იქნება.
სინამდვილეში, სველი ტელეფონის გასაშრობად არც ბრინჯია საჭირო და არც რაიმე რთული პროცედურები. ხშირად საკმარისია უბრალოდ გამორთოთ სმარტფონი და მისცეთ დრო გაშრობისთვის.
თუ სმარტფონი ძლიერ დასველდა, რეკომენდებულია:
სასწრაფოდ გამორთოთ ტელეფონი, თუ ის თავისით არ გამოირთო;
მოხსნათ შალითა და მოაცილოთ რაც შეიძლება მეტი წყალი მოწყობილობის ზედაპირიდან;
ფრთხილად გამშრალოთ სმარტფონი პირსახოცით;
გამოდევნოთ წყალი პორტებიდან მოწყობილობის ფრთხილად შენჯღრევით ან შებერვით;
დატოვოთ ტელეფონი გასაშრობად საკმარისი დროით;
დადოთ ის ვენტილატორთან ახლოს, რათა აორთქლების პროცესი დაჩქარდეს.
ეს მარტივი ხერხები უმეტეს შემთხვევაში საკმარისი აღმოჩნდება, თუ სმარტფონს წყლისგან სერიოზული დაზიანება არ მიუღია. ამასთან, დაცვის მაღალი ხარისხიც კი, მაგალითად IP68, არ ნიშნავს მოწყობილობის აბსოლუტურ წყალგაუმტარობას.
თუ ტელეფონმა წყლისგან სერიოზული დაზიანება მიიღო, ვერც ბრინჯი, ვერც სილიკაგელი და ვერც ხანგრძლივი შრობა აღდგენის გარანტიას ვერ მოგცემთ. ასეთ სიტუაციაში პროფესიონალური დიაგნოსტიკა გახდება საჭირო.