1734375044
„ბავშვთა მფარველ წმინდანად ითვლება. ამიტომ ჩვენი შვილების სახელზე გავცეთ მოწყალება. ეს მათ დაიფარავს“ - რა უნდა ვიცოდეთ ბარბარობაზე
17 დეკემბერი ბარბარობაა. წმინდა ბარბარე ბავშვთა მფარველ წმინდანად ითვლება; ამიტომ 17 დეკემბერს ძალიან კარგია ჩვენთან ერთად ბავშვების ზიარება. ვეცადოთ ამ დღეს, ჩვენი შვილების სახელზე, გავცეთ მოწყალება. ეს მათ დაიფარავს და სიხარულს მოუტანთ.
არის გარდამოცემა, რომ წმინდა ბარბარე სიკვდილის წინ აზიარებს იმათ, ვინც ვერ მოასწრო ზიარება, ამიტომ მას ხატებზე ხშირად ბარძიმით ხელში გამოსახავენ.
უამრავ უშვილო ოჯახს მისი მეოხებით მიებოძა შვილი, ასევე განსაცდელისგან იხსნა ქალ- ვაჟები, ყრმები. ნათქვამია, რომ წმინდა ბარბარე უდიდესი მეოხია იმ ოჯახებზე, ვინც სასოებს მის სიწმინდეს.
ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, რომ ეს დღესასწაული არის ბედობის დღეც. ღმერთმა მშვიდობა, სიხარული და სიყვარული დაგიბედოთ თქვენ, სრულიად საქართველოს.
ბარბარობის დღესასწაულს უკავშირდება ასევე ლობიანების გამოცხობის ტრადიცია. რა თქმა უნდა, თავისი არსით არანაირი დატვირთვა არ აქვს ლობიანებს და საერთოდ კავშირში არ არის წმინდა ბარბარეს ცხოვრებასთან. მაგრამ ვინაიდან ხალხში ასე ფართოდ არის გავრცელებული, ხოლო ქრისტიანობის მთავარი არსი სიკეთის კეთებაა, ამიტომ როცა ლობიანებს ვაცხობთ, ის უნდა მივუტანოთ იმათ, ვისაც არ აქვს ლობიანის გამოცხობის საშუალება.